სენატორი ჯიმ რიში: ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი თავის ლიდერებს აგებინებს პასუხს, თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება

“როცა მთავრობაში ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი მწყობრში იყოს. მთავრობაში მყოფს ანგარიშვალდებულება აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა”,- ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სენატორის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ქართველი ხალხი თავის ლიდერებს აგებინებს პასუხს, თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს კი არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება.

“მოდით ცოტა შორიდან დავიწყებ, მე და სენატორი შაჰინი, 2012 წელს თბილისში ვიყავით, როცა პირველი რეალური არჩევნები ჩატარდა. ეს ამაღელვებელი დრო იყო. ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხის მიმართ თბილადაა განწყობილი. მათ გაუხარდათ იმის ნახვა, რომ საქართველომ დემოკრატიის გზა, კაპიტალისტური სისტემა აირჩია და არა კომუნისტური. როცა ამ არჩევნებს ვაკვირდებოდით, ჩვენ აღფრთოვანებულნი და ოპტიმიზმით განწყობილნი ვიყავით. ჩვენ, არჩევნების მეორე დღეს, ორივე პარტიის ლიდერებს შევხვდით და მათთან სასიამოვნო საუბარი გვქონდა. კიდევ ერთხელ, მე ეს მახარებდა. თუმცა, ამის შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული, როდესაც გამიჩნდა ეჭვები პოლიტიკური დაკავებების გამო. ეს არაა დემოკრატიის ნიშანი. შემდეგ ვითარება ხან ასე იცვლებოდა, ხან ისე.

ვფიქრობ, ქვეყანა ახლა კიდევ ერთხელ დადგა სირთულის წინაშე. ორივე, მე და სენატორ შაჰინის ნაცვლადაც ვიტყვი, – ჩვენ აქ დასახმარებლად ვართ და არა დასაგმობად. ჩვენ მეგობრები ვართ. ამერიკელი ხალხი მეგობარია. ჩვენ ძალიან გვინდა დემოკრატიის გზაზე საქართველოს წარმატება ვიხილოთ. დემოკრატია ადვილი არაა. დემოკრატიაში, ისევე როგორც ნებისმიერი მთავრობის დროს, მთავრობამ შესაძლოა გადააჭარბოს ძალაუფლებას. თუმცა ის, რომ მათ ეს შეუძლიათ არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცნენ.

კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია, თუ ორი რამე გაქვს: მხარეებს საერთო მიზანი ამოძრავებთ და კეთილსინდისიერად მიდიან წინ. თუ ეს ორი რამ არის, კომპრომისი მიღწევადია. როგორც იცით, მე და სენატორი შაჰინი ადგილზე კავშირში ვართ ჩვენს წარმომადგენლებთან, ამერიკის ელჩთან და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ ამას. ახლა საქმე კარგად არ მიდის. ჩემი გზავნილია: დაუბრუნდით მაგიდას, გააკეთეთ ეს. ეს საქართველოს და მსოფლიოს ინტერესშია. ბევრი დაბრკოლებაა, რომელიც უნდა გადალახოთ. თქვენ ის ხალხი ახსენეთ, ვინც გარედან კრიტიკულად იყო განწყობილი. მათ შორის ისინი, ვინც თქვენი მეგობრები არიან. როცა მეგობრები გეუბნებიან, რომ ეს თუ ის უნდა შეცვალოთ, ისინი თქვენი საუკეთესო ინტერესიდან ამოდიან. ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ თქვენზე გაბრაზებულნი არიან. იმიტომ არ აკეთებენ, რომ ხალხში გაგკიცხონ ან აბუჩად აგიგდონ. ისინი ამას სიყვარულით აკეთებენ და იმისთვის, რომ უკეთესად იყოთ, ვიდრე ახლა ხართ.

როცა მთავრობაში ხარ, სახელისუფლო პარტია ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი მწყობრში იყოს. მთავრობაში მყოფს ანგარიშვალდებულება აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა. ორივე მხარე საჭიროა.

ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოგიწოდოთ, რომ სწორად მოიქცეთ. თუ ახლა ამას არ გააკეთებთ, მე ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი. თქვენს წინაშე არის შესაძლებლობა, რომელიც წინა თაობას არ ჰქონდა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა – წადით წინ, თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, გადალახეთ ეს. თქვენ ეს შეგიძლიათ, თუმცა ამას სჭირდება მზაობა და კეთილსინდისიერება.

პირველ რიგში, არცერთი არჩევნები არაა სრულყოფილი. ჩვენ შეერთებულ შტატებში ვიხილეთ ზოგიერთი ამ საკითხის სირთულე. მაგრამ, ატარებ არჩევნებს, ატარებ არსებული წესებით და ზოგი აქედან წარმატებული გამოდის, ზოგი არა. თუ ხალხი უკმაყოფილოა, მათ უნდა განიხილონ გადმოიწიოს არჩევნების თარიღმა და/ან რა ცვლილებები უნდა მოხდეს სამომავალოდ. ჩვენ ამაზე ვერ გამოვთქვამთ რჩევას. ადგილზე არ ვართ. ეს იმათ უნდა მოილაპარაკონ, ვინც ერთად სხედან. ორივე მხარეს მოუწევს დათმობა, ან ეს საკითხი არ გადაწყდება. გასული არჩევნების გარშემო ყველა დაპირისპირება ვერ მოგვარდება. ეს ჩავლილი ამბავია. წინ უნდა წახვიდეთ. წინ უნდა იაროთ და არა უკან.​

ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ. წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა ეს საკითხი და შემდეგ ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი აღიარებს.

როცა ხალხი ამაზე საუბარს იწყებს, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ამ დახმარებას გასცემს, მეორე მხარეს ადამიანები უნდა დასხდნენ და ყურადღებით მოისმინონ ეს. განსაკუთრებით, როცა ეს ადამიანები მეგობრები არიან. არ მოსმენა დიდი შეცდომაა და შედეგად ქართველი ხალხი რჩება წაგებული. და ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი თავის ლიდერებს აგებინებს პასუხს. თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება”,- აცხადებს რიში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები