სენატორი ჯინ შაჰინი: პარტიების გადასაწყვეტია, თუ რა იქნება მათთვის მისაღები – იმედი მაქვს, “ქართული ოცნება” მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა
“პარტიების გადასაწყვეტია, თუ რა იქნება მათთვის მისაღები. ორივე მხარემ უნდა იფიქროს, რაზე შეუძლიათ კომპრომისი, რათა ამ ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს”, – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის ინტერესი დღეს ყველაფერზე წინ უნდა იდგეს.
“მე და სენატორი რიში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერები ვართ. თუმცა, ახლა გვსურს, ვიხილოთ, რომ მმართველმა და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მათი განსხვავებები გადალახონ.
შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო, ევროკავშირი და მათი წარმომადგენლები ეცდებიან, მხარი დაუჭირონ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას. თუმცა, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოაგვარებენ ამას. როგორც მმართველი პარტია, იმედი მაქვს, “ქართული ოცნება” ითანამშრომლებს და მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა. იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტია, ენმ გააანალიზებს, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და იფიქრებენ იმაზე, რა არის მისაღები, რათა ამის გაკეთება შეძლონ და უთხრან მხარდამჭერებს, რომ ვუბრუნდებით სესიას, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში. და [ქართველი ხალხის ინტერესი] დღეს ყველაფერზე წინ უნდა იდგეს. როგორც სენატორმა რიშმა თქვა, თუ ორივე მხარე კეთილსინდისიერად არის ჩართული მოლაპარაკებებში, ისინი მოახერხებენ შეთანხმებას. სწორედ ამის ხილვა გვსურს ჩვენ და სხვა დემოკრატიებს მსოფლიოში.
კიდევ ერთხელ, პარტიების გადასაწყვეტია, თუ რა იქნება მათთვის მისაღები. თუმცა ერთი რამ, რაც ჩემი გუბერნატორობის გამოცდილებიდან ვიცი, და სენატორი რიშიც იყო გუბერნატორი, ისაა, რომ როცა მართავ, შენ გეკისრება პასუხისმგებლობა ყველაფერი მწყობრში იყოს. და იმის ნაწილი, რომ საქართველოში დღეს ყველაფერი მწყობრში იყოს, ხალხის პარლამენტში დაბრუნების და შეთანხმების მიღწევაა.
მე მესმის მიზეზები, რადგან პარლამენტის ზოგიერთ წევრს ვესაუბრე მელიას დაკავებაზე, თუმცა ეს არ შეუწყობს ხელს კომპრომისის მიღწევას, რომლის მხარდაჭერაც ოპოზიციას შეეძლება.
ორივე მხარემ უნდა იფიქროს, რაზე შეუძლიათ კომპრომისი, რათა ამ ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს. ეს ჩიხი მხოლოდ ერთ ქვეყანას ეხმარება, რუსეთს და მის გავლენას და გრძელვადიანად ეს არაა საქართველოსთვის კარგი.
ელჩი დეგნანი ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთანაა და ის იქ დარჩება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, გამოსადეგი და სასარგებლოა, როცა მოლაპარაკებები იმ ადამიანების ჩართულობით მიმდინარეობს, რომლებიც მხარს გიჭერენ.
ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ვიხილავთ შეთანხმებას ორივე მხარის მონაწილეობით, განსხვავებების მიუხედავად”, – აცხადებს სენატორი.