იაგო ხვიჩია: თუ გვინდა, რომ პერსპექტივა ჰქონდეს მოლაპარაკებას, დათმობისთვის ყველა მხარე უნდა იყოს მზად
“გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, დიალოგის პროცესში შედეგის მისაღწევად, დათმობისთვის მოლაპარაკების ორივე მხარე – მმართველი გუნდი და ოპოზიცია მზად უნდა იყოს.
მისი შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” პოლიტპატიმრების, ხოლო ოპოზიციამ – ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხში შეიძლება დათმონ პოზიციები.
“ჩემი აზრით, ამ მოლაპარაკებაზე არ უნდა ვიყოთ სასწაულის იმედად, ისე, როგორც წინა მოლაპარაკებაზე. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს უნდა გვინდოდეს შეთანხმება, თუ არ გვინდა, ამას ჩვენ გარეშე ვერავინ მიაღწევს. თუ გვინდა, რომ პერსპექტივა ჰქონდეს მოლაპარაკებას, ყველა მხარე უნდა იყოს მზად რაღაცა ტიპის დათმობისთვის – ხელისუფლება იმაზე, რომ, სიტყვაზე, პოლიტპატიმრების საკითხში დათმობები გააკეთოს, ხოლო ოპოზიცია იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხში გააკეთოს დათმობები. ეს არ იქნება საბოლოო შედეგის მიღწევის წინაპირობა, მაგრამ ნაბიჯს გადაგვადგმევინებს და სივრცეებს გააჩენს მოლაპარაკებისთვის”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია. როგორც ცნობილია, დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.