გურამ მაჭარაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია ხელს მოაწერს იმ შეთანხმებას, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან არის შეთავაზებული
“ჩვენი შეთავაზებები ემსახურება ქართული დემოკრატიის განვითარებას და 2024 წელს არჩევნების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარებას”,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა 29 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, მედიატორს „ქართული ოცნება“ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებებით ხვდება.
“ჩვენ კრისტიან დანიელსონს ვხვდებით უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკურ პლურალიზმს უზრუნველყოფს, რომ მცირე მხარდაჭერით პარტიებსაც კი ჰქონდეთ საშუალება, რომ შევიდნენ საქართველოს პარლამენტში, ასევე მინიმუმ 4 დეპუტატის შეგროვების შემთხვევაში, შეძლონ ფრაქციის შექმნა, ასევე, ჩვენ მას ვხვდებით მართლმსაჯულების რეფორმის საკანონმდებლო ინიცირებით, სადაც არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ემსახურება ოპონენტების და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების შენიშვნებს, ბუნებრივია ჩვენ გვაქვს მთელი ეს კომპლექტი, რომ მოხდეს შეთანხმება რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელსაც სრულიად უარგუმენტოდ აქვს უარი ამ პოლიტიკურ შეთანხმებაზე. რაც შეეხება თავად ოპოზიციას, იმის მიუხედავად, რომ მათი მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, სადაც არ არის არანაირი ლოგიკური არგუმენტაცია და საფუძველი, მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ ამ შემთხვევაში, მაინც მოისურვებენ ხელი მოაწერონ იმ შეთანხმებას და შეთავაზებებს, რაც არის “ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც ჩამოვთვალე და კიდევ ბევრი დეტალია, რომელსაც ჯერ ვერ ვასაჯაროებთ ევროპელებთან შეთანხმების გამო და ეს მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, რომელიც ემსახურება ქართული დემოკრატიის განვითარებას და 2024 წელს არჩევნების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარებას”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია. როგორც ცნობილია, დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.