თამარ გაბუნია: ვაქცინაციის პროგრამაზე საინფორმაციო კამპანია მეტად აქტიური უნდა იყოს
“ის, რომ მოსახლეობის ნახევარი უნდობლობას უცხადებს ვაქცინას, გასაკვირი არ არის, სწორედ ამიტომაა საჭირო აქტიური საინფორმაციო კამპანია”, – ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ NDI-ის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა კორონავირუსის ვაქცინის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და გამოკითხულთა 53 პროცენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრებოდა.
მისი თქმით, დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა ვაქცინის მიმართ ნდობა აღდგეს.
„განმარტება ამისი გახლდათ ის, რომ პირველი ჯგუფი ვაქცინაციისთვის იქნებოდა სამედიცინო პერსონალი, რომელსაც რეალურად აქვს საკმაოდ კარგი და ღრმა ცოდნა ვაქცინაციის პროცესის სარგებლის შესახებ და ასევე მათ უკვე იცოდნენ, რა ვაქცინას შესთავაზებდა პროგრამა. როდესაც ვსაუბრობთ ასაკოვანი ჯგუფების ჩართვასა და ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაზე, ცალსახად დგას იმის აუცილებლობა, რომ საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს მეტად აქტიური. საინფორმაციო კამპანია არის ერთ-ერთი სტრატეგია. საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობა აშკარად იკვეთება და ის, რომ ნახევარი მოსახლეობის უნდობლობას უცხადებს ვაქცინას, ესეც გასაკვირი არ არის და სწორედ ამიტომ არის საჭირო აქტიური საინფორმაციო კამპანია. ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისი დრო გვაქვს, რათა ანტივაქსერები ან უნდობლობით განწყობილი პირები, რომლებიც დღეს არ ენდობიან ვაქცინას, დარწმუნდნენ ვაქცინის ეფექტურობაში. ყველაზე ეფექტური მაინც არის მაგალითი, ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ ეს კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობის ვაქცინაციასთან მიმართებაში. მოგვიწევს დიდი ძალისხმევა, რათა ნდობა აღდგეს და ეს იქნება ასევე სამედიცინო პერსონალის აქტივობა“, – განაცხადა გაბუნიამ.