„ჩემს ნაქარგებს მხოლოდ მათთვის ვიმეტებ, ვისაც ძალიან უყვარს ჩემი შემოქმედება“…

პროფესიით პედაგოგია, მაგრამ ბოლო წლებია ქარგვამ გაიტაცა. ამბობს, რომ ამ საქმეში საკუთარი თავი იპოვა.
ყოველი დილა ქარგვით იწყება. საკუთარი  ნამუშევრებიდან იასამნებს და გვირილებს გამოარჩევს. იმედი აქვს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ გამოფენის გამართვის შესაძლებლობაც ექნება. – ნაია გვიმრაძის პერსონა.
– ძალიან მიყვარს ბავშვები, განსაკუთრებით – პატარები. ამიტომ გადავწყვიტე  პედაგოგობა. შემთხვევით ვუყურე „იუთუბიზე“, როგორ ქარგავდნენ ლენტებით, ასე დავიწყე მეც.
– 5 წელია ლენტებით ქარგავთ. ამბობთ, რომ საკუთარი თავი იპოვეთ…
– თავიდან მხოლოდ დროის გასაყვანად ვქარგავდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ საკუთარი თავი ვიპოვე. პირველი ნამუშევრები იყო იასამნები, რომლებიც ძალიან მიყვარს. საოცარი განცდაა, როდესაც არაფრისგან იწყებ და შედეგად, დასრულებულ ულამაზეს სურათს იღებ.
Naia Gvimradze Art  – ამ გვერდზე ბევრი გეხმიანებათ. ბევრსაც ალბათ საჩუქრად აქვს თქვენი ნაქარგები…
– ძნელად ვიმეტებ ჩემს ნაქარგებს საჩუქრად, მხოლოდ მათთვის ვიმეტებ, ვისაც ძალიან ვუყვარვარ და უყვარს ჩემი შემოქმედება. შავ ფონზე შექმნილი იასამნებით სავსე დიდი კალათა ჩემს უსაყვარლეს მეგობარს მაინც ვაჩუქე…
ძალიან მიყვარს სურათი – მთებში მიმავალი ბებო და შვილიშვილი. უზომოდ მიყვარს მოხუცები, ბებოები… მინდა როდისმე ეს გზა მეც გავიარო…
– იასამნები, ვარდები, გვირილები, მზესუმზირები, იები, მიმოზები, ტიტები… რომელი ყვავილია თქვენი ფავორიტი?
– ყველა ყვავილი ძალიან მიყვარს, ცოცხალი ყვავილებიდან ვარდებს გამოვარჩევდი, ჩემი ნამუშევრებიდან – იასამნებს და გვირილებს.
– როგორ მუშაობთ?
– ვმუშაობ ყოველ დღე, ჩემი დილა იწყება ქარგვით, მე ვეღარ გავძლებ ამ ყველაფრის გარეშე, თუმცა მქონდა ისეთი რთული პერიოდიც, როდესაც ქარგვა ვეღარ შევძელი.
– პირველი შემფასებლები?
– პირველ რიგში საკუთარ თავს ვაფასებ, ჩემი ნამუშევრები ჯერ მე უნდა მომწონდეს და შემდეგ – სხვას.
– დღეს ბევრი ქარგავს და ბევრი იდენტური ნამუშევარიც  ვრცელდება. რა აკეთებთ, რომ სხვას არ ჰგავდეთ?
– ორ ერთნაირ ნამუშევარს მე არ ვაკეთებ. ჩემი ნამუშევრები ყოველთვის განსხვავებულია ერთმანეთისგან თუნდაც უმნიშვნელო დეტალით.
– სკოლაში აღარ ხართ, მაგრამ მოსწავლეები  ისევ გყავთ. როგორ ანაწილებთ ქარგვის და სწავლის დროს? გამოფენას ხომ არ გეგმავთ?
– დღის მეორე ნახევარში მყავს მოსწავლეები, დანარჩენი დრო ქარგვას ეთმობა. რაც შეეხება ქსოვას, უფრო ჟაკეტებს ვქსოვ.
გამოფენაზე და სამომავლო გეგმებზე წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, როდესაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით და პანდემია დასრულდება, შემდეგ ვნახოთ.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები