„საყვარელი ცხინვალის ქუჩების ფერწერულ ტილოებზე გაცოცხლებამ გადამარჩინა“

ბავშვობის მოგონებები ცხინვალში დარჩა. ეს ქალაქი მისთვის მთელი სამყაროა, ადგილის დედაა, მეგობრობაა, სიყვარულია
მუსიკალურ შვიდწლედში ვიოლინოს განხრით სწავლობდა, ცხინვალის ღვთისმშობლის ტაძარში დასთან ერთად მღეროდა. შემდეგ თბილისში, სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულსაგანანათლებლო სასწავლებელში, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.
მუსიკასთან ერთად  ხატვის ნიჭიც აღმოაჩნდა, ოძღვრის ლოცვა-კურთხევით  ორმა ნახატმა  ცხინვალის ტაძარშიც დაივანა... მაგრამ ეს იყო ომამდე…
დევნილობით გამოწვეულ დიდ ტკივილს ისევ ხატვის დიდი სიყვარული დაუპირისპირა, ხოლო როდესაც პანდემიამ დაამძიმა ვითარება, ხატვა და საყვარელი ცხინვალის  ქუჩების გადატანა ტილოზე მისთვის სულის მალამო აღმოჩნდა, ამან გადამარჩინაო. – მუსიკოსისა და მხატვრის, ირმა კომსიანის პერსონა.

 – ბავშვობამ ცხინვალში ჩაიარა… საინტერესო ალბათ ბევრი გექნებათ მოსაყოლი…
– დავიბადე სტუმართმოყვარე, თბილ და ტრადიციულ ოჯახში, მამა ცხინვალელი იყო, დედა თბილისში დაიბადა და მე-60 საშუალო სკოლა იქ დაამთავრა. დიდი სიყვარულით შექმნილ ოჯახში მე და ჩემი და-ძმაც სიყვარულით ვიზრდებოდით. მშობლები ბავშვობიდან გვინერგავდნენ ურთიერთპატივისცემას და სიკეთეს.
მართლაც, უზრუნველი და ტკბილი ბავშვობა მქონდა. დედა ყოველთვის ახერხებდა ჩვენს გაოცებას, დავყავდით ყველგან, კინოში, თეატრში, კულტურულ ღონისძიებებზე, ხშირად დავდიოდით თბილისში თოჯინების თეატრში,ზოოპარკში, ცირკში, სხვადასხვა გასართობ ცენტრებში, ხშირად ყიდულობდა ფერადყდიან წიგნებს, მაშინ ეს აუცილებელიც იყო, რომ ჩვენი თვალსაწიერი გაზრდილიყო   და ცდილობდა, ყოველთვის  კულტურის გარშემო გვეტრიალა.
პირველად დედამ გვიმღერა, ფერადი მუყაოსგან აკეთებდა შესანიშნავ აივნიან სახლებს, თოჯინებისთვის კერავდა კაბებს, საბნებს, ლეიბებს, ბალიშებს. მოკლედ, ულამაზესი საბავშვო ლამაზი სამყარო შემიქმნა, რამაც გავლენა მოახდინა ჩემს  შემდგომ ცხოვრებაზე!
როცა დედამ შეამჩნია სიმღერის ნიჭი, ბევრი არც უფიქრია და მუსიკალურ შვიდწლედში შეგვიყვანა ვიოლინოს განხრით, ვიოლინო მართლაც ბრწყინვალე ინსტრუმენტია… იხვეწებოდა  და ყალიბდებოდა ჩვენი გემოვნება მუსიკაში.
სახლში სულ ისმოდა ნანი ბრეგვაძის და ანსამბლ „ორერას“ ჰანგები, ყოველთვის მომწონდა ნანის რომანსები…
– ბავშვობიდან ხატავდით. ალბათ ცხინვალის განწყობით…
– ნელ-ნელა ხატვის სურვილიც გამიჩნდა, ვხატავდი, სადაც ფურცელს მოვიხელთებდი, შემდეგ დავიწყე წიგნებიდან გადმოხატვა ფერადი ფანქრებით და ალბომების გავსება, სკოლაში ვაკეთებდი კედლის გაზეთებს, კონკურსებში ვმონაწილეობდი, სადაც ვიმარჯვებდი კიდეც, თეატრალური ესკიზიც კი დავხატე  და გამოფენაზე წაიღეს თბილისში. ეს პატარ-პატარა ნაბიჯები მახარებდა და სტიმულს მაძლევდა…
როგორც კი გაძლიერდა სიყვარული ხატვისადმი, თემებიც გავართულე და ფორმატიც გავზარდე.
ცხინვალის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც მე და ჩემი და ვგალობდით, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ორი ნახატი დავაბრძანე ტაძარში: ფანქრით შესრულებული „წმინდა ნინო“  და აკვარელით დახატული  „ღვთისმშობლის მიძინება“…
ეს უდიდესი პასუხისმგებლობა იყო და კიდევ უფრო დამაფიქრა ჩემს მისწრაფებებზე (რა ბედი ეწია ამ ნამუშევრებს, უცნობია, სამწუხაროდ, ტაძარიც ოკუპირებულია).
– როგორ დაგამახსოვრდათ ცხინვალი და ცხინვალელები?
– ჩემი ქალაქი მთელი სამყაროა ჩემთვის, ის ადგილის დედაა, მეგობრობაა, სიყვარულია, ურთიერთობებია, უძველესი კულტურის კერაა და ის ყველაფერია… მე მტკივა მასთან არყოფნა  და ეს ტკივილი უკვე 30 წელს ითვლის… ძალიან მძიმეა, როცა წინაპრების საძვალესთან ვერ მიდიხარ, ვერ ტირი, ვერ იცინი, ვერ სუნთქავ იმ გამჭვირვალე ჰაერით:

ოქროსფერ ნისლში დაცურავს სხივი,
ჰაერში  სითბო ტრიალებს უხვად,
ყურძნის მტევნები  ბზინავენ მზეზე
ხმაურით ცვივა  ეზოში თუთა!
მიტოვებული და მოღუშული,
ეზოს ვარდი და დილის ყვავილი,
ფერგადასული სიზმრის აჩრდილი
ჟრუანტელივით ტანში დამივლის…
და როცა ნელა და მონატრებით
სული მელევა მათი შეხედვით,
ლანდად ქრება და იბინდება
ჩემი ბავშვობაც თვალწინ ჩამივლის…
მივრბივარ, მომდევს დრო ულმობელი,
გზას დავეძებ და ბოლომდე ვყვირი,
ვერც გზა ვიპოვე, ვერცა ბილიკი,
თავზეც დამადგეს სევდის გვირგვინი! ….
ეს ლექსი იმ ტკივილის გამოძახილია, რომელიც ასე მაწუხებს.
– პროფესიით მუსიკოსი ხართ. რატომ აირჩიეთ მუსიკა?
– რადგან დიდი როლი შეასრულა დედამ, ჩემი, როგორც მომღერლისა და, ზოგადად, კულტურისადმი დიდი სიყვარულის ჩამოყალიბებაში, არჩევანი მაინც მხატვრობაზე შევაჩერე და სამხატვრო აკადემიაზე დავიწყე ფიქრი, მამა კარგად ერკვეოდა ფერების სტურქტურაში,  მასწავლიდა, რა ფერი როგორ გამომეყვანა და მეც სერიოზულად დავიწყე მუშაობა.
როცა პროფესიონალმა მხატვარმა ჩემი ნახატები ნახა, რომელიც მამამ სახლში მიუტანა და აჩვენა (კარის მეზობელი იყო), ძალიან მოიწონა და არჩევანიც შემიქო. მაგრამ ეს სიხარული მიზეზთა გამო ვერ ავიხდინე, რაზეც დღემდე გული მწყდება…
ამიტომ ამის საკომპენსაციოდ ისევ მუსიკას მივადექი და თბილისში, სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე ჩავაბარე, რომელსაც მრავალმხრივი პროფილი ჰქონდა, როგორც სადირიჟორო, ასევე საგუნდო-სალოტბარო და საკლუბო და მეთოდური მუშაობის მიმართულებით…
ეს იყო შესანიშნავი პერიოდი, შევხვდი ბრწყინვალე პედაგოგებს, ქართული კულტურის ცოცხალ ლეგენდებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ლოტბარებს, ვეცნობოდი კლასიკურ კულტურას, ამ სკოლამ ხელოვნების სიყვარული უფრო გამიმყარა!
– დევნილობამ ისევ დაგაწყებინათ ხატვა… ალბათ მონატრებულ პეიზაჟებს ხშირად ხატავთ…
შემდეგ დევნილობით გამოწვეულ დიდ ტკივილს ისევ ხატვის  დიდი სიყვარული დავუპირისპირე და, როგორც მომღერალი, არც აქ ვიყავი უმოქმედოდ.
დასთან ერთად დავდიოდი საგასტროლო ტურნეებში საზღვარგარეთ, ამასთან ერთად, დროებით ადმინისტრაციასთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ნართებში“  ვმოღვაწეობდი…
დევნილობით უსაშველოდ დიდი ტვირთი დაგვადგეს  მხრებზე, ჩვენ ვცოცხლობთ,  ვარსებობთ, გვიყვარს, გვენატრება, ვიბრძვით, რომ გადავურჩეთ სასტიკ სამყაროს, ჩვენც  ხომ ამ სამყაროს შვილები ვართ…

– პანდემია და ხელოვნება. როგორ ხატავდით კარანტინის დროს?
– პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება კულტურულ ცხოვრებაში. რაღაც უნდა მეღონა, მეპოვა გზა გადარჩენისა და ეს გზაც გამოჩნდა, ხატვა და საყვარელი ცხინვალის  ქუჩების გადატანა ტილოზე აღმოჩნდა ჩემთვის სულის მალამო, ამან გადამარჩინა!

როცა  დაიკომ ფუნჯები და საღებავები მომიტანა, უზომოდ გახარებულმა დავიწყე ხატვა და ტილოზე ნელ-ნელა იკვეთებოდა ჩემი ქალაქის ყველაზე ნაცნობი ქუჩა, მოზღვავებული მონატრება მაიძულებდა, ყოველდღე, თითქმის დილიდან საღამომდე მემუშავა, თემებიც იცვლებოდა და დღემდე ვცდილობ, აღარ დავშორდე ამ საქმეს…
– ადამიანები, რომლებიც გვერდით გედგნენ…
– არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ უყურადღებოდ არ მტოვებდნენ ჩემი ახლობლები და მეგობრები, რაც მახარებს და კიდევ  მინდა ბევრი ვისწავლო და დავხვეწო. პარალელურად კერამიკის თეფშებს ვხატავდი, რომელიც თბილისშიც იყიდებოდა და საზღვარგარეთაც გადიოდა, მაგრამ პანდემიამ ესეც გააჩერა…
აქვე უდიდესი პატივისცემით ვახსენებ  მხატვარს, რომელიც უყურადღებოდ არ მტოვებს. ის ჩემი ოჯახის უახლოესი ადამიანი, ერთ-ერთი ცნობილი და ტიტულოვანი მხატვარია კანადაში – ბატონი იაკობ იაშა ფიჩხაძე!  ეს დიდი პატივია ჩემთვის და დიდი მადლობა  მას ამისათვის!
– ოჯახი…
– დაოჯახებული ვარ, მყავს ერთი ვაჟი, გიორგი ჭავჭავაძე.
– გამოფენები და სამომავლო პერსპექტივები…
– გამოფენა ჩემთვის სერიოზული გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაცაა! ამიტომ ვეცნობი როგორც ქართველი მხატვრების ცხოვრებას და მოღვაწეობას, ასევე უცხოელი მხატვრების შემოქმედებასაც…
დიდი სურვილი მაქვს, საკუთარი თვალით ვნახო ვერსალი, ლუვრი, რენესანსის ეპოქის, როკოკოს, ბაროკოს სტილის მხატვრობა.  ეს ხელოვნების უმაღლესი მწვერვალია და ეს ყველა ხელოვანმა რეალობაში უნდა იხილოს!
სამომავლო გეგმებზე ცოტა გამიჭირდება  რაიმეს დაზუსტებით თქმა, მაგრამ იმედია, ყველაფერი ჩაივლის, ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდება  და მეც შემეძლება, უკვე დახვეწილი, ამაყად წარვდგე მნახველის წინაშე. ეს იქნება ჩემი სავალი და საოცნებო გზის პოვნა-ოცნების  ახდენა!


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                                              თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები