სოზარ სუბარი: როცა მიხეილ სააკაშვილი კიევიდან იწყებს ჩვენი მეგობრების ლანძღვას, ეს არის მცდელობა, მოლაპარაკების მაგიდა აყირავდეს
„როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევიდან იწყებს ჩვენი მეგობრების ლანძღვას და, პრაქტიკულად, ,,ძაღლებს,, უწოდებს – „ისინი ჰყეფენ და ქარავანი მიდის, მე ჩემს საქმეს ვაკეთებო“, ეს არ გვიკვირს, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც კოლონიზატორებს შეადარა დასავლეთი, ეს არის მცდელობა ზუსტად, რომ აყირავდეს მოლაპარაკების მაგიდა, არ შედგეს შეთანხმება და ვერ ეშვება თავის ოცნებას რევოლუცია მოაწყოს, მაგრამ ეს რევოლუცია არ მოხდება და ამას ქართველი ხალხი ხედავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, გაქცეული და მის სიტყვას არავინ აქცევს ყურადღებას საქართველოს კონტექსტში.
„მიხეილ სააკაშვილის მსგავსი რიტორიკა ძალიან დიდი ხანია, არ გვიკვირს. ეს არის ადამიანი, რომელიც პერიოდულად კი არა, მუდმივად აყენებს შეურაცხყოფას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ჩვენ ხალხს, ჩვენს მეგობრებს. გვახსოვს მისი გამოთქმები, მაგალითად, როცა ჩვენს შუააზიელ მეგობარ ხალხებზე ამბობდა, რომ ჩვენ ვიღაც უზბეკები და ყაზახები კიარ ვართ, ჩვენ მაგარი ხალხი ვართო; ჩვენ ზანგები კი არ ვართო. ჩვენ გვახსოვს მსგავსი გამოთქმები არაერთი სხვა ქვეყნის მიმართ. ეს იქნებოდა დამაზიანებელი ქვეყნისთვის, საბედნიეროდ, ის დღეს აღარ წარმოადგენს საქართველოში არაფერს. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, გაქცეული და მის სიტყვას არავინ აქცევს ყურადღებას საქართველოს კონტექსტში. ეს არის დამაზიანებელი მისთვის, მაგრამ ჩვენი სადარდებელი არ არის. ძალიან ცუდია, რომ ამ ადამიანს ჯერ კიდევ ჰყავს საქართველოში პოლიტიკური მიმდევრები, რომლისთვისაც მისი სიტყვა ყველაფერია – ხატიც , ფიციც და ბიბლიური ჭეშმარიტებაც და უსიტყვოდ მიჰყვებიან იმ უფსრკრუკისკენ, რომლისკენაც ის მიათრევს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ – მთელს ქართულ ოპოზიციას“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა – „ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, ამორალური და იდიოტია“.