სერგეი შამბა: 20 წლის წინ ქართულ დელეგაციას შევხვდი, რომელიც პატიოსნად იბრძოდა საკუთარი ხალხის ინტერესებისთვის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ ომის შემდეგ ქართველ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა გაიხსენა და თქვა, რომ ძალიან ხშირად მძიმე მოლაპარაკება გამართულა, თუმცა, მისი თქმით, “ისეც ხდებოდა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ძალიან ჩვეულებრივი კომუნიკაცია გვქონია, შეგვეძლო სადმე შესვლა, ყავის ან სხვა რამის დალევა, თუმცა ისინი საკუთარ ინტერესებს იცავდნენ, ჩვენ ჩვენს ინტერესებს”.

ამის შესახებ შამბამ ადგილობრივ მედიასთან საკუთარ 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით თქვა.

“როდესაც 50 წლის გავხდი, მოლაპარაკება გვქონდა ყირიმში. ამ შეხვედრის შუამავლებმა, გაერო-ს წარმომადგენლებმა ისეთი ფორმატი მოიფიქრეს, რომლის სახელწოდება იყო “ნდობის განმტკიცების ზომები” და ამ ფორმატში, დიპლომატების გარდა, საზოგადოების წევრებიც ხვდებოდნენ ერთმანეთს. არავისთვის მითქვამს, რომ დაბადების დღე მქონდა, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, დიდი ფურშეტი მოაწყო და სიტყვის დასასრულს თქვა, რომ მე იუბილე მაქვს და საათი მაჩუქა.

ამის მერე ყველამ დაიწყო ჩემი მილოცვა, მოდიოდნენ, მათ შორის, ქართული დელეგაციის წევრებიც, რომელიც ომამდელი პარლამენტის წევრებით იყო დაკომპლექტებული, ძირითადად ყველა დევნილი იყო. მეუბნებოდნენ: “ჩვენი ნომერ პირველი მტერი ხარო, მაგრამ პატივს გცემთო, რადგან თქვენ პატიოსნად იბრძვით საკუთარი ხალხის ინტერესებისთვის”. ისინიც პატიოსნად იბრძოდნენ საკუთარი ხალხის ინტერესებისთვის. ამიტომ, როდესაც მოლაპარაკებას ვაწარმოებდი, არა პირადი ინტერესებიდან გამოვდიოდი, არამედ პრინციპული პოზიციებიდან. ისინიც ასე იქცეოდნენ. მათ შორისაც იყვნენ საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებთანაც რაიმეზე შეთანხმება იყო შესაძლებელი. რასაკვირველია, ისინი საკუთარ პოზიციებს არ გადიოდნენ, არც ჩვენ გვქონდა ამის უფლება.

მგონია, რომ ამჟამად საქართველოში ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ კომპრომისებზე წასვლა. ცოტა ხნის წინ წავიკითხე განცხადება, რომელიც საქათველოს ცნობილმა მოღვაწეებმა გამოაქვეყნეს, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა აფხაზეთთან მიმართებაში შეხედულებების შეცვლა. ვფიქრობ, ამ პროცესს პერსპექტივა მაინც აქვს, თუმცა, ის ხანგრძლივია. ოდესღაც დადგება ვითარების რეალურად შეფასების მომენტი და რაღაც საკითხების მოგვარება იქნება შესაძლებელი ორივე მხარის ინტერესიდან გამომდინარე”, – ამბობს შამბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები