ლევან დავითაშვილი: „ნამახვანჰესის“ პროექტის შესწავლაში დამატებით ქართველი ექსპერტებისა თუ სამეცნიერო ინსტიტუტების ჩართვა გადაწყდა
„ნამახვანჰესის“ პროექტის შესწავლაში დამატებით ქართველი ექსპერტებისა თუ სამეცნიერო ინსტიტუტების ჩართვა გადაწყდა”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქუთაისში განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად რიონის ხეობის მცველებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.
მისი თქმით, დღევანდელი ფორმატი უკვე განახლებული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ეტაპია.
„არის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს დამატებით ქართველი ექსპერტების, ქართული საექსპერტო კომპანიებისა თუ სამეცნიერო ინსტიტუტების ჩართულობას, იმ ექსპერტების მონაწილეობას, რომლებიც ასევე დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან, რადგან სარგებლობენ მოსახლეობის მხრიდან ნდობით და ჩვენ გვესმის, რომ მოსახლეობის მხრიდან ნდობა არის უპირველესი და ძალიან მნიშვნელოვანი. პროცესს მივესალმებით, რადგან მოხდეს გარკვეული შეფასებების, შესწავლის, კვლევების დამატებით შეფასება სამუშაო პროცესში და რაც ყველაზე მგრძნობიარე საკითხები იყო, რომლებიც უკავშირდებოდა ხეობაში უსაფრთხოების მიმართულებებს, ეს იყო ძირითადად კაშხალი და წყალსაცავი, ძირითადი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ესეც მოსახლეობის ინტერესებშია პირველ ყოვლისა, როგორც ჩვენ გვესმის. ეს საკითხები გვესმოდა შეხვედრებზე და ამ მშენებლობის პროცესი გადაიწევს, ვიდრე არ მოახერხებენ ქართველი ექსპერტები, ანუ ის გუნდი, რომელიც პროცესში ჩაერთვება, დამატებითი ვალიდაციის.
ვფიქრობ, რომ დღევანდელი ფორმატი არის ჩვენ შორის უკვე განახლებული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ეტაპი. როგორც ჩვენ წინა კვირებში დავგეგმეთ, ვთქვით, რომ რამდენიმე შეხვედრა გვექნებოდა და ეს გაგრძელდებოდა სხვადასხვა ფორმატში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.