ნათია თურნავა: საქართველოში ენერგომოხმარების მესამედი იმპორტზეა დამოკიდებული, თუ ჰესებზე უარი ვთქვით, ეს მაჩვენებელი გაიზრდება

“საქართველოში ენერგომოხმარების მესამედი იმპორტზეა დამოკიდებული, თუ ჰესებზე უარი ვთქვით, ეს მაჩვენებელი გაიზრდება” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შემაშფოთებელია ის მოსაზრება, თითქოს, საკუთარი ენერგეტიკისა და ჰიდრორესურსების განვითარება არ გვჭირდება.

,,ამ ბოლო დროს გვესმის შემაშფოთებელი რამ, რომ ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა არ არსებობს და ეს მოგონილი და არარეალისტურია და თითქოს ჩვენ არ გვჭირდება საკუთარი ენერგეტიკისა და ჰიდრორესურსების განვითარება.

ძალიან მარტივად ავხსნი, თუ რას ნიშნავს ასეთი მცდარი მიდგომა საქართველოსთვის: ბოლო ათი წლის განმავლობაში ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ ჰესების მშენებლობა ჩამორჩებოდა ამ პროცესს. მთელი რიგი პრობლემებისა და, მათ შორის, ჰესების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გამო. შესაბამისად, თუ 2010 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 200 მილიონ კილოვატსაათზე ოდნავ მეტი იყო, ახლა გვიხდება 1,6 მილიარდი კილოვატ/საათის, რვაჯერ მეტის შემოტანა. ამას ემატება 3 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგიის გამომუშავება გაზის თბოსადგურებზე, ისევ და ისევ უცხოური გაზის იმპორტზეა დამოკიდებული, გამოდის, რომ ჩვენი მოხმარების მესამედზე მეტი, უკვე დღეს იმპორტზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია, უარი თქვას ჰესებზე და აირჩიოს თბოსადგირების მშენებლობა, რაც დამატებით 10 წელიწადში ნიშნავს $900 მილიონის ღირებულების გაზის იმპორტს.

„ამ შემთხვევაში, ეს თანხა არ დარჩება საქართველოში და ეს თანხა მოხმარდება რომელიმე მეზობელი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, – აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები