სუს-ი ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 98-ე შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართა,- ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი დააყენა და მათი უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.

„მონაწილეებმა განიხილეს უკანონო ბორდერიზაციის საკითხიც, ასევე ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ინციდენტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

შეხვედრისას ქართულმა მხარემ ასევე დააყენა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ჰუმანიტარული საკითხები და საჭიროებები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანების აქვთ, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგორში მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ფორმატის მიზანი ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფაა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის ზვიად ზვიადაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები დისკრიმინირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და ვერ იღებენ იმ სამედიცინო სერვისებს, რომლებიც მათთვისაა საჭირო.

„რა თქმა უნდა, ყველა ეს საკითხი გაჟღერებული იყო შეხვედრაზე. ჩვენ ვისაუბრეთ თავისუფალი გადადგილების შესახებ, ასევე იმ პრობლემებზე, რაც სამედიცინო კუთხით იქ ადგილზე მოსახლეობას აქვს შექმნილი. მათგან პასუხად მივიღეთ ის, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ე.წ.-მა უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადმოსვლის პროცედურები ვითომ შეამსუბუქეს, როცა ცხინვალის ნაცვლად ახალგორში მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ამ ადამიანების გადმოტარების შესახებ. თუმცა, ჯერჯერობით პრაქტიკაში ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და ამ ადამიანებს ისევ ის პრობლემები აქვთ, რაც აქამდე ჰქონდათ. მაინც იმედს ვიტოვებთ, დღევანდელი შეხვედრის პათოსიდან გამომდინარე, რომ დადებით მომენტად შეიძლება განვიხილოთ ის, რომ შეიძლება ახალგორის მაცხოვრებლებს ბევრად უფრო გამარტივებულად მიეცეთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება. თუმცა, ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვი.

ადგილზე რაც შეეხება, იქ ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას, ამ საკითხზე, როგორც წინა შემთხვევაში კვლავ უარს აცხადებენ და გვრჩება ერთადერთი ბერკეტი წითელი ჯვარი, რომელიც სრულად ვერ მოიცავს და არ არის საკმარისი მექანიზმი. თან არის სპეციფიური ორგანიზაცია დ სახელმწიფოს ნაკლებად აქვს შემხებლობა. შესაბამისად, მათ იმედზე ვართ ამ შემთხვევაში. მაქსიმალურად გრძელდება მუშაობა, რათა მივაღწიოთ შედეგს, ეს ხალხი გადმოვიყვანოით კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვისაც სამედიცინო სერვისები სჭირდებათ და მათ ვისაც შეიძლება ადგილზე გაეწიოს დახმარება, იქ მივაწოდოთ ყველაფერი.

თვითონ როგორც განაცხადეს, ძალიან დიდი დახმარება მიიღეს რუსეთის ფედერაციიდან, ასევე იმ საველე ჰოსპიტალისგან, რომელიც ცხინვალში იყო განთავსებული. მათთან შემცირდა რაოდენობა კოვიდინიფიცირებულების, ციფრებიც იყო წარმოდგენილი. ამბობენ, რომ თითქმის პანდემიის შეგრძნება მოსახლეობაში აღარ არის.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან დისკრიმინირებულ მდგომარეობაში, არ აქვს მნიშვნელობა იქ ქართველია თუ ეთნიკურად ოსი, ახალგორის რაიონია მიტოვებული და ვერ იღებენ იმ სამედიცინო სერვისებს, რომლებიც მათთვის არის ელემენტარულად საჭირო“, – განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები