რუმინეთში მილიონი ადამიანია ვაქცინირებული, გერმანიაში კი – მოსახლეობის 5%
რუმინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე მილიონმა ადამიანმა მიიღო.
როგორც ვაქცინაციის კამპანიის კოორდინატორმა, ვალერიუ გეორგიცამ განაცხადა, მილიონიდან 364 814-მა პირმა ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო 619 183-მა ორივე დოზა მიიღო. რუმინეთში სულ 20 მილიონამდე ადამიანია.
ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანია 2020 წლის 27 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობის პარალელურად დაიწყო.
გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ვაქცინის პირველი დოზა ქვეყნის მოსახლეობის 5%-მა მიიღო.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ადამიანთა 2,6% სრულად არის აცრილი.
გერმანიაში ვაქცინაციის ლიდერი პრეპარატია BioNTech/Pfizer-ის ვაქცინა. პირველი მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში გამოყენებულია 5,7 მილიონი დოზა.
პოპულარობით მეორე ადგილზეა AstraZeneca, გამოყენებულია 514 ათასზე მეტი დოზა. მესამე ადგილზეა Moderna – 180 ათასი დოზით.
მიუხედავად იმისა, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრა ქვეყანაში მეორე ადგილზეა, ამ პრეპარატის მიმართ მოსახლეობაში ნდობა ბევრად დაბალია და ქვეყნის ჯანდაცვის უწყებას პრეპარატის დიდი რაოდენობა გამოუყენებელი აქვს. გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ, ამ ვაქცინის პოპულარობის გაზრდის მიზნით, პრეპარატს სახელმწიფო მოხელეებს შესთავაზებენ.
AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართ უნდობლობა ასევე მზარდია საფრანგეთში.