ზურაბ პატარაძე: ვზეიმობთ დღესასწაულს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სახელთანაა დაკავშირებული და ეფუძნება ჩვენ ტრადიციებს და ურთიერთპატივისცემას
დღეს სრულიად საქართველო, დიდი და პატარა, ერი და ბერი – ყველანი ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ დაგვიტოვა – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ ოჯახია ის მთავარი საფუძველი, რაზეც საზოგადოების ერთიანობა და ქვეყნის სიძლიერე დგას.
„პირველ რიგში, სრულიად საქართველოს ვულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს. ეს დღე ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აძლიერებდა ქართულ საზოგადოებას – ტრადიციებს, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, სიკეთესა და კულტურას. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს თაობებს შორის კავშირის, ოჯახის ერთიანობისა და შვილების სწორ ფასეულობებზე აღზრდის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
ოჯახი თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე და საყრდენია. სწორედ ძლიერი ოჯახები ქმნის ძლიერ საზოგადოებას და ძლიერ ქვეყანას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს!“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.