შიო III: ვიღვაწოთ ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე, გენდერული თეორიებისგან

თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის აბორტი, მაშინ, რა თქმა უნდა, ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი და განწირულია ასეთი ოჯახი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ქადაგების დროს განაცხადა.

კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ოჯახის დამცველი კანონმდებლობის გაძლიერებისა და გამტკიცების აუცილებლობაზე მიუთითებს, რომელიც, მისი თქმით, ხალხს „მავნე, გენდერული თეორიებისა და იდეოლოგიისგან“ დაიცავს.

სამების ტაძრის ეზოში ქადაგებისას პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებაზე უარის თქმა დაუშვებელია და სწორედ ოჯახური ღირებულებების დაცვაა ქვეყნის გამრავლებისა და ღვთის წყალობის საფუძველი.

„როგორც ვიცით ბიბლიიდან, მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ იბადება ბავშვი, ეს ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი, იქ არის ბედნიერება, იმიტომ, რომ ის თავისი არსებობით, ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს და მადლს ჰფენს.

როგორც ჩვენ ვიცით მრავალშვილიანი ოჯახებისგან, მშობლებისგან, თავიდან უფრო რთულია პირველ სამ შვილამდე, სირთულეები მეტია, და მერე და მერე ბევრად კლებულობს სირთულეები და უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახის აღზრდა და გაძღოლა. დაე, ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოვასწორეთ ჩვენ დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს მშვენიერ, სამოთხესავით ლამაზ ქვეყანაში, დამკვიდრდებიან სხვა ხალხები ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას. ამიტომ, კარგად მრავლდებიან. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ასე თუ გავაგრძელეთ, ეს საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხობრივად ქართველობას.

ამიტომ, მოგვცეს მადლი უფალმა, რომ ვიზრუნოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე, გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან და უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და გავამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების. ეს არის საწინდარი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, გამრავლების და ღვთის წყალობის“, – განაცხადა კათალიკოს-პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები