ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.ომბუდსმენმა ენგურზე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ბჟანაის მიმართა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.სახალხო დამცველმა, ასიდა შაკრილმა დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მიმართა თხოვნით, გადახედოს “საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე შეზღუდვების რეჟიმის” მიზნობრიობის საკითხს, ასევე, მიიღოს გადაწყვეტილება ადამიანების უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებთ.
“ეპიდვითარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ფონზე, შესუსტებულია უამრავი შემზღუდავი ზომა როგორც აფხაზეთში, ისე – საქართველოში. მიუხედავად ამისა, საქართველო-აფხაზეთის საზღვარი შეზღუდულ რეჟიმში ფუნქციონირებს, რის გამოც გალის რაიონის მოსახლეობის უფლებები ირღვევა, რაც შეუძლებელია, არ იყოს აღქმული ქართულ ეროვნების მოსახლეობის მიერ, როგორც დისკრიმინაცია”, – ნათქვამია მიმართვაში.
მისი თქმით, პრობლემებს აწყდებიან ახალგაზრდები, რომლებიც ქართულ უმაღლესებში სწავლობენ და რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, დროულად “ჩავიდნენ საქართველოში”; ასევე, პრობლემებს აწყდებიან აფხაზეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და რომლებიც ასევე “საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ და მათ პერიოდულად საქართველოში ჩასვლა სჭირდებათ”.
გარდა ამისა, ე.წ. ომბუდსმენის თქმით, გალის რაიონის მოსახლეობა, რომელიც ქართულ სოციალურ შემწეობას იღებს, ასევე ვერ ახერხებს “საქართველოში გადასვლას”.
“ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ გახშირდა საზღვრის არალეგალური გადაკვეთა, თითქმის 4 ათასი ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული და მათ ადმინისტრაციული ჯარიმის – 4800-6000 რუბლის ოდენობით გადახდა უწევთ, რაც ადამიანებს დამატებით ტვირთად აწვება. გარდა ამისა, საზღვრის არალეგალური გადაკვეთა ინფექციის გავრცელების კონტროლს აფერხებს”, – ამბობს ე.წ.სახალხო დამცველი.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განკარგულებით, ე.წ.საზღვარი 2020 წლის 14 მარტს ჩაიკეტა და მთელი გასული წლის განმავლობაში მხოლოდ 5-ჯერ რამდენიმე დღით გაიხსნა, ამის მიზანი ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფა იყო.