„იმედი რუსეთთან მრავალმხრივი პარტნიორობის  შესახებ არ გამართლდა“

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ თავისივე ქვეყნის მოქალაქე რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. ბრალდებული ბუნდესტაგის ტექნიკური მომსახურების კომპანიის წარმომადგენელია. იენს ფ.-ს ბერლინის სასამართლოში ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს.

გერმანიის პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებული იმ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც გერმანული პარლამენტის მრავალი ობიექტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის შეკეთებასა და ტექნიკურ მეთვალყურეობას ასრულებდა. ბრალდებულ პირს  ამ ობიექტების გეგმებსა და ნახაზებთან  ჰქონდა წვდომა. სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიც არის ნათქვამი, რომ იენს ფ.-მ ამ დოკუმენტების გადაცემა რუსული სპეცსამსახურებისთვის 2017 წელს გადაწყვიტა. ამისთვის მან  მონაცემები PDF-ის ფორმატის ფაილების სახით შეინახა და შემდეგ გადასცა  ბერლინში  რუსეთის საელჩოს  თანამშრომელს. ეს საელჩოს თანამშრომელი კი  შეთავსებით ГРУ -ს ოფიცერია.

ის, რომ რუსეთის  ხელისუფლება არც პარტნიორ ქვეყნებს სცემს პატივს და  არც ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს ცნობს, სწორედ გერმანიის მაგალითზე კარგად ჩანს.

2019 წლის 23 აგვისტოს ხომ გერმანიის მიწაზე, შუაგულ ბერლინში გამოასალმეს სიცოცხლეს საქართველოს მოქალაქე – ზელიმხან ხანგოშვილი. ჩატარებული გამოძიების შემდეგ, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ პირდაპირ თქვა, რომ ეს მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით განხორციელდა. გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელიც წარსულში რუსულ სპეცსამსახურში მუშაობდა და არაერთი შეკვეთილი მკვლელობა აქვს ჩადენილი.

იმაზე, რომ კრემლი გერმანიის წინააღმდეგ პერმანენტულ და დაუსრულებელ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, ის განცხადებაც მეტყველებს, რომელიც 2020 წლის 13 მაისს კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ჰიბრიდული ომის სტრატეგიას ირჩევს, რომლის ნაწილიც არის „დეზორიენტაცია“ და „ფაქტების დამახინჯებაც“. მერკელის ეს განცხადება  ბუნდესტაგზე 2015 წელს განხორციელებულ იმ კიბერ შეტევას ეხებოდა, რომლის შედეგადაც გერმანიის პარლამენტის შიდა ქსელებიდან ინფორმაციის მოპარვა მოხდა. ასევე, თავდასხმის შედეგად როგორც კანცლერის, ასევე სხვა გერმანელი მაღალჩინოსნების ელექტრონული ფოსტები „გატეხეს“. გერმანელებს ბუნდესტაგის კომპიუტერული სისტემის  რამდენიმე დღით გათიშვა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოუწიათ. 2020 წელს კი გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის მოქალაქის, ჰაკერ დიმიტრი ბადინის საპატიმრო ორდერი გამოსცა. სწორედ ის და მისი ჰაკერული დაჯგუფება – Fancy Bear -ია ეჭვმიტანილი ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმაში. არსებული ინფორმაციით, ეს დაჯგუფება რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველოს მიერ არის შექმნილი (ГРУ).

ასევე, გავიხსენოთ კრემლის დეზინფორმაციისა და ტალახის ნიაღვარი, რომელიც სიკვდილის პირას მყოფი, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გადარჩენის გამო გერმანიის ხელისუფლებას  თავს  დაატყდა.

თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის მოქმედებები უკვე იმდენად გამაღიზიანებელი, აგრესიული და ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი გახდა, რომ მხოლოდ სიტყვიერი პოლიტიკური რექციების დრო დასრულდა. გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები არა მხოლოდ კონკრეტულ რუს ჯაშუშებს თუ კრემლის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს აღარ აძლევენ მოსვენებას, არამედ ბევრად უფრო მაღალი დონის ნაბიჯებს დგამენ. დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო უწყებებმა ახალი სანქციების დამტკიცება გადაწყვიტეს იმ რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომელთა ხელიც ალექსეი ნავალნის დევნაში ურევია. ხოლო გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტანმაიერმა განაცხადა ის, რაც  ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების მიმართ უკვე გამოტანილ განაჩენს ჰგავს – „გერმანიის იმედი რუსეთთან მრავალმხრივი პარტნიორობის  შესახებ არ გამართლდა“.

ედუარდ გულია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები