რომელ სახელმწიფოებს აძლევს ხელს ომის ქარცეცხლში გახვეული, არასტაბილური კავკასია

მეორე დღეა, დაძაბულობა არ ცხრება ერევნის თეატრალურ მოედანზე. აქ შეკრებილი, ფაშინიანის მომხრეები სამხედრო გადატრიალებისგან იცავენ პრემიერმინისტრს. ამბოხებულ სომეხ სამხედროებს შეუერთდნენ სომხეთის გავლენიანი პოლიტიკოსები, 17 ოპოზიციური პარტია და ყოფილი პრემიერმინისტრი, რომლებიც ფაშინიანისგან თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვებას მოითხოვენ. რუსულ გავლენებსა და პოლიტიკურ ინტერესებზე კავკასიაში, კერძოდ, სომხეთში, ,,კვირა“ მამუკა არეშიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ევროპისკენ მიდრეკილ ფაშინიანსა და მის გუნდს რუსულ და აზერბაიჯანულ მედიაში დღემდე ,,სოროსისტად“ მოიხსენიებენ, რითაც ხაზს უსვამენ სოროსის როლს ფაშინიანის გაპრემიერებაში. ექსპერტის თქმით, ფაშინიანი რუსეთისთვის მას შემდეგ აღარ არის კეთილსაიმედო, რაც სომხეთის პირველმა პილიტიკურმა ფიგურამ ორმაგი თამაში დაიწყო – როგორც ჩრდილოელ, ისე – დასავლელ მეზობლებთან და რუსეთის, როგორც ერთადერთი ერთგული პარტნიორისა და დასაყრდენის უალტერნატივობა ეჭვქვეშ დააყენა.

,,ფაშინიანის რეპუტაცია სომხეთში საგრძნობლად შეირყა ყარაბაღის ომის შემდეგ, თუმცა, რუსეთს აწყობს სომხეთის პრემიერმინისტრის სავარძელში სუსტი კანდიდატურა, ასე ჩრდილოელი მეზობელი მაქსიმალურად გაატარებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს აზერბაიჯანსა და თურქეთთან მოლაპარაკებებისას და თავად ისაუბრებს სომხეთის პრემიერმინისტრის სახელით“, – ამბობს მამუკა არეშიძე.

მისივე თქმით, პუტინი აღარც სომხურ კორუმპირებულ პოლიტელიტას ენდობა, რომელმაც მას განსაკუთრებული ერთგულება ვერ დაუმტკიცა.

,,მოსკოვში დღემდე პოლიტიკურად ძალზე აქტიურია აზერბაიჯანელ პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა გაერთიანება, ,,ლომების კლუბი“, რომლებსაც არ სურთ პროდასავლელი ფაშინიანის ხილვა სომხეთის პირველ პოლიტიკოსად. არ გამოვრიცხავ როგორც რუსეთის, ისე აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლენის აგენტების ,,მოღვაწეობას“ სომხურ ჯარში. ეს ქვეყნები სწორედ თვიანთი კადრების საშუალებით ცდილობენ, სამხედრო გადატრიალების გზით თავიდან მოიშორონ ფაშინიანი. უნდა გვახსოვდეს, რომ სომხეთში ჯარი და სამხედრო მოსამსახურეები განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობენ, ისევე როგორც საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია. სამხედროების აზრს ერევანში სხვა ძალა აქვს, რომლებიც დღეს ფაშინიანისგან უპირობო გადადგომას ითხოვს და საამისოდ საკუთარი არგუმენტებიც მოჰყავთ. ვფიქრობ, ფაშინიანის პრემიერმინისტრობის დღეები დათვლილია და მას პოსტის დატოვება უახლოეს საათებში მოუწევს“, – აცხადებს ,,კვირასთან“ საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე.

ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, პრემიერმინისტრს მხარს უჭერს პოლიტიკურად აქტიური სომხური მოსახლეობის მხოლოდ 30%.

,,უახლოესი საათები დაგვანახებს, როგორ გაუძლებს ფაშინიანი სამხედრო აგრესიას. თითქოს, პროდასავლურად განწყობილმა პრემიერმინისტრმა ბოლოს რუსეთს ისეთ ხელშეკრულებებზე მოუწერა ხელი, რომელიც აშკარად ანტიეროვნული და ანტიდასავლური იყო. რუსეთს დღეს არ სურს თეთრ ცხენზე ამხედრებული, ეროვნული გმირი სომხეთის პრემიერმინისტრის სავარძელში. სახელგატეხილ პოლიტიკურ ლიდერს ჩრდილოელი მეზობელი მაშინ გადააყენებს თანამდებობიდან, როცა მოისურვებს. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხეთში ძლიერდება ანტირუსული განწყობები და რუსეთს რეგიონში საკუთარი ინტერესების გატარება დღითიდღე უჭირს. თურქეთი აზერბაიჯანის პირით ელაპარაკება მოსკოვს. მოსკოვი კი საკუთარი და სომხური სახელით პასუხობს მათ. რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ პუტინი, ალიევი და ფაშინიანი. მოლაპარაკების გამართვა ელექტრონულადაც შეიძლებოდა, მაგრამ ვფიქრობ, ამ ვიზიტით პუტინმა ფაშინიანის მნიშვნელობასა და ავტორიტეტს გაუსვა ხაზი და თავად სომხეთის პრემიერმინისტრსაც აგრძნობინა, რომ რუსული მხარდაჭერის გარეშე ის არაფერს წარმოადგენდა.“

პაატა ზაქარეიშვილი კავკასიურ მოლაპარაკებებში ქართული ფაქტორის როლზეც საუბრობს და ,,კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქართული საგარეო პოლიტიკა ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს, საქართველო გამოვიდეს პასიური დამკვირვებლის როლიდან და კუთვნილი ისტორიული ადგილი დაიკავოს.

,,საქართველომ უნდა იკისროს შუამავლის როლი საომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ უნდა დავანახოთ საკუთარი უნიკალური ადგილი კავკასიურ პროცესებში უახლოეს მეზობლებს და ვუთხრათ, რომ პრობლემების მოგვარება კავკასიში რუსეთისა და თურქეთის ფასილიტაციის გარეშეც შეგვიძლია. საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც მორალური უფლება აქვს, რუსეთს კავკასიიდან ჯარების გაყვანა მკაცრად მოსთხოვოს.“

პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ დღეს საქართველო სწორედ იმ მოედანზე არ აქტიურობს, რომელზეც მაქსიმალური აქტივობის განხორციელება ხელეწიფება საკუთარი ისტორიული როლისა და მისიიდან გამომდინარე. ექსპერტს აფიქრებს საქართველოს საგარეო უწყების პასიურობა იმ ფონზე, როდესაც კავკასიაში მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო გეოპოლიტიკური საკითხები წყდება.

,,ირანი ცდილობს, გააქტიურდეს კავკასიური საკითხების განხილვისას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ ფეხდაფეხ დაიარა მოსკოვი, თეირანი, ბაქო, ერევანი, ეძებდა პოლიტიკური ინტერესების გატარებისთვის თანამოაზრეებსა და მოკავშირეებს. ამ ფონზე ქართული დელეგაცია არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში, არც ბრიუსელსა თუ თეირანში სახელმწიფო ვიზიტებს არ გეგმავს. თუ საქართველო არ გააქტიურდება, შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ დაკარგოს ლიდერის როლი კავკასიაში.“
საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი, თამარ კიკნაძე ერევანში განვითარებულ მოვლენებში რუსული პოლიტიკის კვალს ხედავს და მიიჩნევს, რომ სნგ-ის სივრცის სამხედრო გაერთიანება ODKB-ს წევრი სომხური ჯარის მთავარსარდლები სწორედ რუსულ დაკვეთას ასრულებენ: ,,მართალია, რუსეთი აცხადებს, რომ სომხეთის პრემიერმინისტრის გადაყენება-არგადაყენების საკითხი მხოლოდ სომხური შიდაპოლიტიკური საკითხია და ამ კონფლიქტში ის, როგორც დაინტერესებული მხარე, არ ჩაერევა, თუმცა, ყველა ხვდება, რომ პუტინის სიტყვები გულწრფელი არ არის. ფაშინიანი ქვეყნის სათავეში “ხავერდოვანი რევოლუციის” გზით მოვიდა, რომელსაც მხარი დასავლეთმაც დაუჭირა. მოგვიანებით, რუსეთი ეცადა, ყველა რუსული ,,შავი საქმის“ მკეთებლად სომხეთში ფაშნიანი ექცია, რაც, ნაწილობრივ, განახორციელა კიდეც. ამ ფონზე პარადოქსულად ჟღერს თურქეთის ლოიალური განცხადებები ,,პროდასავლელი“ ფაშინიანის დასაცავად.“

თამარ კიკნაძის აზრით, თუ მომავალი კავკასიური პოლიტიკა 3+3-ის პრინციპით გაგრძელდება, პირველ სამეულში რუსეთი, თურქეთი და ირანი მოიაზრება, ხოლო მეორე სამეულში – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მაშინ ამ კავშირის ერთადერთი პროდასავლელი წევრი მხოლოდ საქართველო იქნება და მას მოუწევს ისტორიული მისიის შესრულება.“

კითხვაზე, ხომ არ შეინიშნება ორ კავკასიურ სახელმწიფოში დესტაბილიზაციის შექმნაში რომელიმე ქვეყნის დაინტერესება, თამარ კიკნაძემ განაცხადა: ,,არ გამოვრიცხავ მეზობელ ქვეყანათა დაინტერესების კვალს როგორც სომხური, ისე – ქართული ოპოზიციის გააქტიურებისას. გახსოვთ, ალბათ, პროდასავლელად შერაცხილი სააკაშვილი როგორ პირნათლად ატარებდა რუსულ ინტერესებს საქართველოში. უახლოესი დღეები დაგვანახებს, ვინ არის კავკასიაში დესტაბილიზაციის მხარდამჭერი.“ მამუკა არეშიძემ ,,კვირასთან“ საუბრისას კავკასიურ პროცესებში არ გამორიცხა უცხო ძალის ხელიც, თუმცა, დასძინა, რომ კავკასიის რეგიონში ახალი არ არის მეზობელ სახელმწიფოთა პოლიტიკური ინტერესების გატარების მცდელობები: ,,დიდი მეზობლები რეგიონში მუდმივად ცდილობდნენ საკუთარი გავლენის დამკვიდრებას. არა მხოლოდ რუსეთი ცდილობს კავკასიური პოლიტიკის მართვას, სხვა ძლიერი მეზობლებიც ყოველ ღონეს ხმარობენ საკუთარი გავლენის აგენტებით სასურველი პოლიტიკის გატარებას. დღეს კავკასიაში სიტუაცია აჭრილი და ძალზე მყიფეა. მღვრიე წყალში კი მეზობლებისთვის ყველაზე ადვილია სათავისო თევზის დაჭერა”, – აცხადებს ,,კვირასთან“ საუბრისას მამუკა არეშიძე.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები