გენდერული თანასწორობის მიმართულებით, რა ღონისძიებები ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტში – ინტერვიუ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, არჩილ თხლაშიძესთან

გენდერული თანასწორობა, რომელიც გულისხმობს ქალისა და კაცის თანასწორ უფლება–მოვალეობებს, პასუხისმგებლობასა და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ხელს  უწყობს ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებას – ადამიანთა უფლებების დაცვას, ქმნის ეკონომიკის გაძლიერების საფუძველს, აღმოფხვრის დისკრიმინაციას და უზრუნველყოფს გენდერულ ბალანსს ნებისმიერ სფეროში.

საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა მნიშვნელოვან დოკუმენტს – „კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (CEDAW). კონვენცია მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის მიღწევას და ითვალისწინებს ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობა განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2016 წელს საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვას ავალდებულებს და საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას ითვალისწინებს.

კვირა“ დაინტერესდა, თუ რა ღონისძიებები განხორციელდა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად თელავის მუნიციპალიტეტში და გთავაზობთ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის – არჩილ თხლაშიძის ინტერვიუს.

 ბატონო არჩილ,  რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა მუნიციპალიტეტების, კერძოდ კი, თელავის განვითარებისთვის და როდის შეიქმნა გენდერული თანასწორობის საბჭო?

გენდერული თანასწორობა დემოკრატიის განვითარების ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით. აღნიშნული საკითხი, ასევე, ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თელავის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მიღწევის, ქალთა და კაცთა თანაბარი უფლებების  რეალიზაციისთვის, 2018 წელს შეიქმნა გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის  შემადგენლობაშიც, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, მათ შორის, მერის მოადგილესა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შედიან, რაც თავისთავად მეტყველებს საბჭოს მნიშვნელობაზე და უფრო ეფექტიანს ხდის საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროექტების/წინადადებების ადვოკატირების პროცესს.  საბჭოს გააჩნია სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელების პროცესი, დოკუმენტის შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს ითვალისწინებს.

კონკრეტულად, რა ღონისძიებებს ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით?

გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG).  ათეა-მ  პროექტის -„გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში, რომელსაც ასოციაცია, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს, თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელო გაიდლაინების შემუშავებაზე და, ასევე, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიაზე იმსჯელეს.

ორგანიზაციის მიერ, ასევე, დამზადდა და გადმოგვეცა საინფორმაციო ხასიათის პოსტერები,  რომლებიც მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ძალადობის დაძლევის პრევენციის მიზნით, საქართველოში არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას მოიცავდა. ათეა-ს ინიციატივით, აღნიშნული პოსტერები  მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული შენობების გარდა, ხალხმრავალ ადგილებშიც განვათავსეთ, რომელმაც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

გენდერული თანასწორობის მიმართულებით  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობაში, ასევე, ფუნქციონირებს ქალთა ოთახი, რომელიც შვეიცარიის მთავრობის ფინანსური დახმარებით და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნა.

აღნიშნული სივრცის დანიშნულებას, ქალებისთვის საჭირო ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება წარმოადგენს. ამას გარდა, ქალთა ოთახის მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, ქალებს, მუნიციპალიტეტთან გამარტივებული კოორდინაციის შესაძლებლობაც ეძლევათ, რაც თავისთავად, ხელს უწყობს ქალებისა და კაცების თანაბარი მონაწილეობის  გაზრდას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

2019 წლიდან დღემდე, თელავის მუნიციპალიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI),  რომელიც ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს საბჭოს, მოწყვლად ჯგუფებთან კომუნიკაციის ფორმების დახვეწაში, მათი საკითხების ადვოკატირებასა და საბიუჯეტო ინიციატივების უკეთ შემუშავებაში. მათთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ გენდერული თანასწორობის საბჭოს რეკომენდაციები და 2 საბიუჯეტო ინიციატივა, რომელთა მიზანსაც უსახლკაროთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენდა. თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ფორმირებისას,  მერიამ გაითვალისწინა გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, თელავში ამოქმედდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც შშმ პირებისთვის სრულადაა ადაპტირებული.

ასევე, აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მნიშვნელობა, კიდევ უფრო მეტად კორონავირუსის პანდემიის დროს გამოიკვეთა, რადგან მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებულმა შეზღუდვებმა, ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფები დააზარალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გენდერული თანასწორობის საბჭომ ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავა.

თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას ყოველ წელს უერთდება და ახალი კოვიდ 19-ის პანდემიის მიუხედავად,  ჩვენ წელსაც დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ აღნიშნულ კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება განვახორციელეთ. მათ შორის:

  • თელავის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ონლაინ რეჟიმში ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის საკითხებს ეხებოდა.
  • სოფელ კურდღელაურის მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები უსახლკარო ბავშვებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.  ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდები ადრეულ ასაკში ქორწინების სამართლებრივ რეგულაციებსა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემებს გაეცნენ.
  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ჩატარდა ორდღიანი ონლაინ ტრენინგი თემაზე: „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“.

    სამომავლოდ
    რა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს გენდერული თანასწორობის საბჭო?

სხვადასხვა კვლევამ დაგვანახა, რომ  გენდერული თანასწორობის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ქალებს, სხვადასხვა, მათ შორის ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა მიეცეთ. გარდა ამისა, აუცილებელია აქტიური საინფორმაციო კამპანიის წამოწყებაც, რათა ქალებს, უპირველეს ყოვლისა, გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე დასაქმების სურვილი გაუჩნდეთ, რაც საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ მიდგომებს უკავშირდება.
და ბოლოს, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი  გენდერული ბიუჯეტირებაა, რომლის დანერგვაც, მუნიციპალურ პროექტებსა და პროგრამებში ქალებისა და კაცების  საჭიროებების თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფს.

თელავის მუნიციპალიტეტი კვლავაც განაგრძობს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ქალთა და ბავშვთა, გენდერული თანასწორობისა და შშმ პირთა უფლებების დაცვასა და ასევე, ადრეულ ასაკში ქორწინების, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობისა და სხვა მიმართულებებით განსახორციელებელი  ღონისძიებების მხარდაჭერას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები