ვლადიმერ სვანაძე: კიბერდანაშაული ყოველთვის ქვეყანის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად

გუშინ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებისა და ოპოზიციის მიერ ფართომასშტაბიანი აქციების დაანაონსების ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიგ სამთავრობო და ,,ქართული ოცნების“ ოფისის საიტებზე განხორციელდა კიბერშეტევა. მიმდინარეობს გამოძიება.
,,კვირა“ კიბერუსაფრთხოების ექსპერტს, ვლადიმერ სვანაძეს დაუკავშირდა:

-უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ქართული სამთავრობო საიტები უკვე მეორედ აღმოჩდა ჰაკერების სამიზნე. ამჯერად რას შეიძლება, უკავშირდებოდეს ჰაკერების ინტერესი მმართველი პარტიისა და სამთავრობო საიტებზე?

-როდესაც ქვეყანაში სიტუაცია იძაბება, სწორედ მაშინაა ყველაზე ხშირი დანაშაულებრივი კიბერშეტევები და, როგორც წესი, ის ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, როდესაც ქვეყანა კორონავირუსს ებრძოდა, ლუგარის ლაბორატორიასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე მოხდა შეტევა.

-ამჯერად რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ჰაკერების მიზანი?

-გააჩნია, რა დავალება ჰქონდათ მიღებული – ინფორმაციის შეცვლა საიტებზე, საიდუმლო დოკუმენტაციაზე წვდომა თუ სამთავრობო სერვერების მწყობრიდან გამოყვანა. ამჯერად შეტევა შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტსა და პარტია ,,ქართული ოცნების“ ოფისზე მიიტანეს. სავარაუდოა, რომ ქვეყანაში ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე კიბერშეტევა იმ სახელმწიფომ თუ კერძო პირმა დაუკვეთა, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა სურდა. მიმდინარეობს გამოძიება და ამაზე მეტის თქმა, უბრალოდ, არასერიოზული იქნება.

-კიბერშეტევათა გამოძიება, მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც წესი, ნულოვანი შედეგით მთავრდება. შესაძლებელი იქნება ამ დანაშაულის გამოძიება?

-ასე არ არის, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, ზუსტად დადგინდეს, რომელი ქვეყნიდან და ვინ განახორციელა კიბერშეტევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილს შესწევს იმის ძალა, რომ გამოიძიოს აღნიშნული დანაშაული. წინა ჰაკერული თავდასხმის დროს სახელმწიფომ მიმართა დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალისტებს და ერთობლივად გამოიძიეს ფაქტი. შესაძლოა, ამჯერადაც ასე მოხდეს, რადგან კიბერდანაშაულის სფეროში ქვეყნები ძალიან კარგად თანამშრომლობენ და ეს თითოეული მათგანის ვალიც კია.

-შესაძლებელია ისეთი თავდაცვითი სისტემის დამონტაჟება სამთავრობო საიტებზე მაინც, რომ ქვეყანა მეტნაკლებად დაცული იყოს მსგავსი თვდასხმებისგან?

-ჯერჯერობით, ასეთი რამ შეუძლებელია. თვით პენტაგონის საიტებიც კი არ არის აბსოლუტურად დაცული. საუბარია რისკების მაქსიმალურად შემცირებაზე და, რამდენადაც ვიცი, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად თვლის ყველა რისკს და ცდილობს, თავი დაიცვას გახშირებული კიბერშეტევებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები