მარიამ ქვრივიშვილი: მისასალმებელია ეკონომიკის სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან და ის რეგულაციები, რომელიც 1 თებერვლიდან ტურისტების მიღების კუთხით ამოქმედდა

„სეზონიდან გამომდინარე დრო საკმაოდ შეზღუდულია, თუმცა, მინდა გთხოვოთ, თუ ვსაუბრობთ ზამთრის კურორტებზე, განვიხილოთ ერთიანი ფორმით, არამხოლოდ სასტუმროების, არამედ საბაგიროების ამოქმედება, რათა კერძო სექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულფასოვნად, თუნდაც მოკლე ვადით უმასპინძლოს შიდა და თუნდაც ცოტა საერთაშორისო სტუმარს,“ – ამ თხოვნით უმრავლესობის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

ქვრივიშვილმა ზამთრის კურორტების ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორის სახელით შევეხო რამდენიმე საკითხს. ჩემმა რამდენიმე კოლეგამ ამ მიმართულებით დაგისვათ კითხვა და ფრაქციის სხდომის ფარგლებში დაადასტურეთ მზაობა, განიხილოთ არსებული რეგულაციების შემსუბუქება, რაც მოგვცემს უსაფრთხოდ ამუშავების საკითხს, თუმცა გამოვიყენებ შესაძლებლობას და ტურიზმის ხელშეწყობის საკითხს უფრო ერთიანი და კომპლექსური ფორმით დავაყენებ.

გვესმის, სეზონიდან გამომდინარე დრო საკმაოდ შეზღუდულია, უბრალოდ მინდა გთხოვოთ, რომ თუ ვსაუბრობთ ზამთრის კურორტებზე, განვიხილოთ ერთიანი ფორმით, არა მხოლოდ სასტუმროების, არამედ საბაგიროების ამოქმედებაც, რათა კერძო სექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულფასოვნად, თუნდაც მოკლე ვადით უმასპინძლოს, შიდა და თუნდაც ცოტა საერთაშორისო სტუმარს. საბაგიროების კონტექსტში ვფიქრობ, უფრო ნაკლები რისკია თავისი სპეციფიკიდან და იმ აღჭურვილობიდან გამომდინარე, რაც მოთხილამურეებს სჭირდებათ და მეორე – საბაგიროებს სახელმწიფო სიპი მართავს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თუნდაც მკაცრი რეგულაციებით, ჩვენვე შევძლოთ აღსრულება და მონიტორინგი,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

უმრავლესობის წევრმა რესტორნების ფუნქციონირებაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი თქმით, ძალიან დაზარალდნენ.

„მისასალმებელია, რომ გარე სივრცეში მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა უმასპინძლონ სტუმრებს, თუმცაღა გვესმის, რომ რთულია და ძალიან სჭირდებათ შიდა სივრცეში თუნდაც მკაცრი რეგულაციებით ფუნქციონირება“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს აქვს კერძო სექტორთან და ასევე ის რეგულაციები, რომელიც 1 თებერვლიდან ამოქმედდა ტურისტების მიღების კუთხით.

„და ბოლო საკითხი, რომელიც ბმაშია ამ ყველაფერთან ეს არის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის საათი. თხოვნა არ ეხება სრულებით გადაწევას, ჩვენ გვესმის ის რისკები, თუმცა კომენდანტის საათის თუნდაც ერთი ან ორი საათით გადაწევა მისცემს კერძო სექტორს, თითოეულ რეგიონს და სოფელს იმის საშუალებას, რომ შიდა და საერთაშორისო ტურიზმისთვის, ეკონომიკური სარგებელი არა მხოლოდ ერთ ქალაქზე, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით განვავრცოთ,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები