“მნიშვნელოვანია, მედია იყოს ობიექტური და კონტექსტიდან ამოჭრილი ციტატები მყვირალა სათაურებად არ გამოიყენოს” – მარიამ ქვრივიშვილი
„მნიშვნელოვანია, მედია იყოს ობიექტური და კონტექსტიდან ამოჭრილი ციტატები მყვირალა სათაურებად არ გამოიყენოს“, – ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი, მარიამ ქვრივიშვილი ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში – „ქალების ნარატივი“ გასული მისი ინტერვიუდან გაკეთებულ ინფორმაციას.
როგორც მარიამ ქვრივიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, ინტერვიუს დროს საუბარი იყო იმ ახალ საემიგრაციო რეგულაციებზე, რაც საქართველომ 1 -ელი თებერვლიდან ქვეყანაში ტურიზმისა და საავიაციო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის აამოქმედა.
“ისე, ინფორმაციისთვის, ინტერვიუს დროს ვსაუბრობდით იმ ახალ საემიგრაციო რეგულაციებზე, რაც საქართველომ 1 -ელი თებერვლიდან აამოქმედა ქვეყანაში ტურიზმისა და საავიაციო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის.
ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა „ნოტამი“, ანუ პარტნიორ ავიაკომპანიებს საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულება შეუძლიათ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე და მოკლე ვადაშივე ვნახეთ, რომ გაიზარდა სიხშირეების რაოდენობა და დადებითი მოლოდინების ტენდენცია შეინიშნება ამ კუთხით.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი საქართველოს საზღვრის კვეთა შეუძლიათ შემდეგი პირობებით:
1. ყველა ქვეყნის მოქალაქე რომელსაც ვაქცინაციის სრული კურსი (2 დოზა) ჩატარებული აქვს ის საქართველოს საზღვარს დამატებითი რეგულაციების გარეშე კვეთს:
2. 37 ქვეყნის მოქალაქე (მათ შორის ისეთი სტრატეგიული სამიზნე ქვეყნებიდან როგორიც არის ისრაელი და სპარსეთის ყურის ქვეყნები) კი საქართველოს საზღვარს ნეგატიური პსრ ტესტის საფუძველზე კვეთს.
დიახ, ეს ნიშანვს იმას, რომ ტურიზმის სექტორში ჩართული კერძო სექტორი გაურკვევლობაში არ არის, როდესაც ამ რეგულაციებზე ვსაუბრობთ და იცის, თუ როგორ მოიზიდოს ტურისტები ამ სტრატეგიული 37 სამიზნე ბაზრიდან. და დიახ, ეს ძალიან პოზიტიური სიახლეა ამ ძალიან დაზარალებული ინდუსტრიისთვის.
ამიტომ, ყოველთვის მნიშნველოვანია, მედია იყოს ობიექტური და კონტექსტიდან ამოჭრილი ციტატები მყვირალა სათაურებად არ გამოიყენოს”, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.