აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გურჯაანში გასვლითი შეხვედრა გამართა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გურჯაანში ადგილობრივ ფერმერებთან და კოოპერატივების წარმომადგენლებთან გასვლითი შეხვედრა გამართა. შეხვედრებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი ესწრებოდნენ. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული კოოპერატივების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს ის ძირითადი საჭიროებები, რაც კოოპერატივების წარმატებული საქმიანობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, კომიტეტის წევრებმა მათ გააცნეს საკომიტეტო მოკვლევის დეტალები კოოპერატივების შესახებ კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკითხები ქარსაფარი ზოლების მოწყობის საკითხთან დაკავშირებით, სადაც მხარეებს კომიტეტის წევრებმა კომიტეტის ფარგლებში შემუშავებული კანონის პროექტი წარუდგინეს და მათი მოსაზრებებიც მოისმინეს. „აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები ჩამოვედით იმისთვისა, რომ მოვინახულოთ ადგილობრივი ფერმერები, კოოპერატივები. რაც მთავარია, უახლოეს პერიოდში ვაპირებთ დავაინიციროთ კანონპროექტი ქარსაცავი ზოლების შესახებ, რომელიც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა მოსავლიანობის ზრდის. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა იორმუღანლოში ერთ-ერთ საკმაოდ დიდ ფერმერულ მეურნეობაში, სადაც გავეცანით სამინისტროს მხარდაჭერით გაშენებულ ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებით ადგილობრივი ფერმერის პოზიციას და მოსაზრებას. გავეცანით როგორც წარმატებულ მაგალითებს ამ ქარსაცავი ზოლების გაშენების, ასევე მოვინახულეთ ისეთი ადგილები, სადაც ვერ მოხერხდა ჯერ-ჯერობით ამ ზოლების აღდგენა. ფერმერებისთვის, ზოგადად, ცნობილია რამდენად მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლის არსებობა როგორც ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ, ასევე ქარის უარყოფითი ეფექტების შესამსუბუქებლად. აქედან გამომდინარე, გინდა, რომ მათთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობა, მერები, მათ შორის, გუბერნატორი, პარლამენტში ამ რეგიონიდან მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, რაც მთავარია, წარმომადგენლობითი შეხვედრები გვქონდა ფერმერების და კოოპერატივების მხრიდან”, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.