რამაზ საყვარელიძე: დაპატიმრების შემთხვევაში, მეეჭვება, დასავლეთმა მელიას პოლიტპატიმრობა დაიჯეროს

პოლიტიკური მომომხილველების ერთი ნაწილის მოსაზრებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სარპოტესტო მუხტის აწევის ახალ საშუალებას მიაგნო და პარტიის თავჯდომარის, ნიკა მელიას მსხვერპლად შეწირვა გადაწყვიტა. ხვალ, დიდი ალბათობით, პარლამენტი პროკურატურის მოთხოვნას დააკამყოფილებს და ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას მოუხსნის. შესაბამისად, გირაოს გადახდაზე დემონსტრაციული უარის გამო, მელია გისოსებს მიღმა აღმოჩდება. როგორ განვითარდება მოვლენები და რა პოლიტიკური გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს – „კვირა“ პოლიტიკურ მიმომხილველს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

-ხვალიდან, დიდი ალბათობით, ნიკა მელია დეპუტატის სტატუსით ვეღარ ისარგებლებს. გირაოს გადაუხდელობის გამო, მას დაპატიმრება ემუქრება. „ნაციონალურ მოძრაობაში,, ფიქრობენ, რომ „ოცნება“ ერთგვარი ცუნცვანგის მდგომარეობაშია. თქვენ რას ფიქრობთ?

„ოცნებისთვის“ კომფორტული მდგომარეობა ნამდვილად არაა. მათთვის კარგი იქნებოდა პროცესების განვითარება პროკურატურის გარეშე. მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო რთული მდგომარეობა ,,ნაციონალურ მოძრაობას,, აქვს. „ოცნება“ პარლამენტშია და მისი ლეგიტიმაცია ეჭვს არ იწვევს. მელიას დაპატიმრების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ თავჯდომარის გარეშე რჩება – იმ თავჯდომარის გარეშე, რომელსაც რაღაც პროცესები დაწყებული აქვს პარტიაში. მელიას მოწყვეტა პარტიიდან ბევრ სირთულეს გააჩენს თავად პარტიის შიგნით. თავჯდომარის ხელახალ ძიებაზე გადავა აქცენტი. გაიზრდება სააკაშვილის როლი, რაც ბევრ სირთულესაც წარმოშობს და რაზეც მელიაც ლაპარაკობდა, როცა ითხოვდა, რომ სააკაშვილს პარტიისგან ერთგვარი დროებითი დისტანცირება მოეხდინა.

-თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს საფრთხეები ,,ნაციონალურ მოძრაობაში,, გათვითცნობიერებული აქვთ, მაგრამ არჩევანი საპროტესტო მუხტის აწევის სასარგებლოდ გააკეთეს. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ მელიას დაპატიმრება ხალხს ქუჩაში გამოიყვანს?

ეგ ქვეტექსტი ნამდვილად უდევს მელიასა და ,,ნაციონალური მოძრაობის,, ქმედებას, თუმცა, გარანტია იმისა რომ ხალხი ქუჩაში იმ რაოდენობით გამოვა, რისი იმედიც აქვთ, არ არსებობს. მელიას დაპატიმრება ადრეც ემუქრებოდა, მაგრამ ვნახეთ, რომ ქუჩებში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.

-ამჯერად ცოტა განსხვავებული სიტუაციაა. თავად მელია და „ნაცმოძრაობა,, აცხადებს, რომ პროკურატურას არ დაემორჩილებიან და მის დაპატიმრებას ფიზიკურად დაუპირისპირდებიან. როგოც ჩანს, სამართალდამცავებთან მძაფრი შეხლა-შემოხლისა და მერე სახალხო მხარდაჭერის იმედი აქვთ?

მე ისედაც არ ვარ დიდი აზრის, რომ ოპოზიცია, ამ შემთხვევაში – ,,ნაციონალური მოძრაობა,, კარგად ითლის თავის სვლებს. შეიძლება, გადავდგა რაღაც ნაბიჯი, რომელიც მოწინააღმდეგის შეცდომაზე იქნება გათვლილი, მაგრამ მოწინააღმდეგე დაუშვებს ამ შეცდომას? ვთქვათ, მოხდა ეს შეხლა-შემოხლაც. ვინ მოიგებს ამით. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ,, პოპულარობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა სწორედ იმიტომ, რომ ხალხს ეს შეხლა შემოხლა და დაპირისპირება აღარ უნდა. არ უნდა მოსახლეობას დესტაბილიზაცია, რომლის შედეგადაც „ნაცმოძრაობა’’ მოვა ხელისუფლებაში. ამას არ ითვალისწინებს ,,ნაციონალური მოძრაობა”.

-მელიას შესაძლო დაპატიმრებას რა რეზონანსი მოჰყვება, ვგულისხმობ საერთაშორისო საზოგადოებას. გახდება ის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პატიმარი?

ხელისუფლება ბოლოხანს არ აკეთებს ისეთ სვლებს, საერთაშორისო აქტორებთან რომ არ იყოს შეთანხმებული. პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი როცა იდგა, სწორედ ხელისუფლება იყო ინიციატორი, რომ მასსა და ოპოზიციას შორის შუამავალი ელჩები ყოფილიყვნენ. ტყუილად ხომ არ ლანძღეს დასავლეთის ელჩები „ნაციონალებმა“. მიხვდენ, რომ დასავლეთი მათ მხარს არ უჭერდა. გარდა იმისა, რომ ხელისუფლება საქმის კურსში აყენებს ელჩებს, მოქმედებს მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, ვგულისხმობ ტრამპის იმპიჩმენტს. როგორც დემოკრატები აცხადებენ, ტრამპმა შეტევა მიიტანა ამერიკის კონგრესზე და ამიტომ იმპიჩმენტს იმსახურებს. მათ მხარს რესპუბლიკელების ნაწილიც უჭერს. თუ ტრამპს იმპიჩმენტს უწყობენ პარლამენტზე შეტევისთვის, იგივე პოლიტიკოსები მხარს ვერ დაუჭერენ ქართველ „ტრამპს“, ანუ მელიას, რომელიც ასევე პარლამენტზე შეტევას ახორციელებდა. თავისივე უახლესი ისტორია აიძულებს დასავლეთს, რომ სიფრთხილე გამოიჩინოს და მელია პოლიტპატიმრად არ შერაცხოს. მოკლედ, მეეჭვება, რომ დასავლეთმა მელიას პოლიტპატიმრობა დაიჯეროს, რაც ასე უნდა ოპოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები