მიხეილ ადეიშვილი: ნამახვანჰესის ,,იაფი“ ელექტროენერგია ხანგრძლივი ტვირთი აღმოჩნდება საქართველოს ბიუჯეტისთვისაც
სამ თვეზე მეტია, ლეჩხუმის მოსახლეობა ნამახვანჰესის მოსალოდნელ მშენებლობას აპროტესტებს და ხელისუფლებისგან არგუმენტირებულ პასუხს ელის. მოუტანს თუ არა ახალი ჰესი საგრძნობ ეკონომიკურ ეფექტს საქართველოს ბიუჯეტს, რა წინასწარი მოლოდინები აქვთ ექსპერტებს და რა აშინებთ ლეჩხუმელებს იმ შემთხვევაში, თუ ნამახვანჰესის მშენებლობა მართლაც დაიწყება – ,,კვირა“ ეკონომიკის დოქტორს, მიხეილ ადეიშვილს ესაუბრა:
-რამდენიმე დღის წინ ლეჩხუმში იყავით და მოსახლეობის იმ ნაწილს შეხვდით, რომლებიც მესამე თვეა, აქტიურად აპროტესტებენ მშენებლობას. რას ითხოვენ ლეჩხუმლები?
-ნამახვანჰესის წინააღმდეგ ხალხის პროტესტი დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას საკუთარი მიწა-წყლის ხელყოფად აღიქვამენ და ფიქრობენ, რომ ტერიტორიებისა და სოფლების დატბორვას აუცილებლად მოჰყვება ამ კუთხის ეკოლოგიური, დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება. მათი მოთხოვნაა, კომპანია ,,ენკამ“ დაუყოვნებლივ დატოვოს ხეობა.
-ვიდრე ჰესის მშენებლობა დაიწყებოდა, მას წინ უძღვოდა როგორც უცხოელ, ისე – ქართველ ექსპერტთა სამეცნიერო დასკვნები.
-საქმეც ისაა, რომ ასეთი კვლევები ან არ ჩატარებულა, ან არ დასრულებულა, ან არსებული დასკვნები არ არის გათვალისწინებული. მათ შორის არავის უნახავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საბოლოო დოკუმენტი. არ ითვალისწინებენ მთავრობის მიერვე შეკვეთილ მსოფლიო ბანკის კვლევის დასკვნებს იმის თაობაზე, რომ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად (ენერგიის შესყიდვის შეთანხმება- PPA) სახელმწიფოს მოუწევს, 15 წლის განმავლობაში შეისყიდოს ნამეტი ელექტროენერგია, რომელზეც არ იქნება მოთხოვნა ელექტროსისტემაში, რაც ათეულ მილიონობით ვალდებულებას შეუქმნის სახელმწიფო ბიუჯეტს, ანუ ყველა ჩვენგანს. ანალოგიური დასკვნა აქვს გაკეთებული სართაშორისო სავალუტო ფონდსაც. გამოდის, რომ პროექტის განხორციელება სახელმწიფოსათვის არ არის მიზანშეწონილი მონეტარულადაც კი, ანუ იმ ხარჯების გაუთვალისწინებლადაც, რასაც მოჰყვება პროექტის ზემოქმედება ეკოლოგიურ (ტყე, ფლორა, ფაუნა, თევზი, მ.შ უნიკალური ზუთხი), სოციალურ -კულტურულ (დემოგრაფიული ცვლილება და კულტურული მემვიდრეობის დაზიანება) და ეკონომიკურ (ტვიშის ზონა) გარემოზე. აღარაფერს ვამბობ პროექტის ტექნიკური უსაფრთხოების (ჰიდროლოგია, სეისმოლოგია, გეოლოგია) იმ რისკებზე, რაზეც ხაზგასმით მიუთითებენ ჩვენი მეცნიერ-მკვლევრები. ისიც მინდა, აღვნიშნო, რომ არსებობს მრავალი საერთაშორისო კვლევა და დასკვნები იმის თაობაზე, რომ დიდი ჰესები მრავალმხრივ (მ.შ. ფისკაურად) სარისკოა, განსაკუთრებით – ჩვენნაირი პატარა და ღარიბი ქვეყნისათვის. მეორე მხრივ, სრულიად დაზღვეულია კომერციული რიკებისაგან (ჩვენი ბიუჯეტით) კერძო ( ამ შემთხვევაში უცხოურიც) კომპანია.
-საქართველოში რა მიგაჩნიათ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ალტერნატიულ გზად?
– მთავარი საკითხია, არსებობს თუ არა სხვა გზა საქართველოს ენერგოსექტორის გასავითარებლად? პასუხი ერთია: ან მთავრობა ვერ ხედავს პრობლემების გადაჭრის ალტერნატიულ გზას ან სხვა გზა არსებობს, თუმცა, მისი დანახვა არავის სურს. ენერგოსექტორი მხოლოდ დიდი ჰიდრორესურსებისგან წარმოებული ელექტროენერგიით არ შემოიფარგლება. არსებობს თბოელექტროსადგურები, რომლებიც გაზისა და ქვანახშირის ტრანსფორმაციით გამოიმუშავებენ საბაზისო, პიკურ ელექტროენერგიას. გარდა ამისა, დიდი პოტენციალია განახლებად ენერგიაზე მომუშავე ქარისა და მზის ელექტროსადგურების ამოქმედებაში, რომელთა მიერ გამომუშავებულ ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიას ინტენსიურად მოიხმარენ განვითარებული ქვეყნები – ევროპაში გამომუშავებული ელექრტოენერგიის 15 %-ზე მეტი, საქართველოში – 1% ნაკლები. გარდა დასახელებული წყაროებისა, ქვეყნის ელექტროსისტემის უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, ჩატარდეს გარკვეული რეფორმები. შემოვიღოთ ის სტანდარტები, რომელთა ვალდებულებებიც აღებული აქვს ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, მათ შორის, ევროპის ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანებით. აქ იგულისხმება ენერგოეფექტურობის კანონმდებლობა და ღონისძიებები (სართველოს ენერგოინტენსივობა 4,5 ჯერ მეტია საშუალოევროპულზე), ელექტრო და გაზის ბაზრების კონკურენციულობისა და მოქნილობის ამაღლება, რეგიონულ ბაზრებთან ტექნიკური ინტეგრირების შესაძლებლობების გაზრდა და ა.შ.
-ჩვენი ქვეყნის ერთიან ენერგობალანსში რა წილი უჭირავს ჰიდროელექტროსადგურებს?
-ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი მთლიან ენერგობალანსში (შიდა მიწოდება) მხოლოდ 15%-ია. 45%-ბუნებრივი გაზია, 26% კი – ნავთობპროდუქტები. მიწოდებული ენერგიის 81% იმპორტირებულია, მათ შორის მხოლოდ 3%-მდეა ელექტროენერგია. ცხადია, ნამახვანჰესის და თუნდაც 5 ნამახვანის აშენებით, რასაკვირველია, საქართველო ე.წ. ენერგოდამოუკიდებლობას ვერ მიაღწევს და ამით ქვეყნა ვერ აშენდება. რაც შეეხება საკუთრივ ელექტროენერგიას, უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროდუქტის მიხედვით საქართველო, ყველა სხვა პროდუქტთან შედარებით, თვითკმარია. მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ ამჟამად (2019) საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ 13%-ია იმპორტირებული (ექსპორტის გამოკლებით-10%). თანხობრივად ეს ქვეყნის იმპორტის 1%-ზე ბევრად ნაკლებია და უტოლდება, მაგალითად, ქათმის ხორცის იმპორტს საქართველოში (2018). გამომუშავებული ელექტროენერგიის 75%-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებიდანაა მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ევროკავშირში 13%-ს არ აჭარბებს.
აქვე აღვნიშნოთ, რომ ელექტროენერგიის საწარმოებლად იმპორტირებული გაზის დაახლოებით 20% მუშავდება თბოელექტროსადგურებში. ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევაა საჭირო – გაზის იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია და მოწოდების საიმედობის გაზრდა; საკუთარი საბადოების ათვისება; ძალზე მნიშვნელოვანია გაზის საცავი რეზერვუარის მშენებლობის დაჩქარება; გაზის კომბინირებულ ციკლის ტურბინებზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მშენებლობა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მთავრობის გეგმებშიცაა 250-მეგავატიანი 6 სადგურის მშენებლობა.
-საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ჰიდროელექტროენერგია გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე – თბოელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგია.
-გააჩნია, რა გაითვალისწინება და შევა ფასში (ტარიფში). ჰიდროენერგია ბუნებრივად განახლებადი, საკუთარი რესურსია, თანაც „სათბურის აირებისგან“ თითქმის თავისუფალი. თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს თუ სად და რა მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური შენდება, როგორია მისი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე, როგორია მთლიანი ეკონომიკური დანახარჯები და მიღებული სარგებელი, ანუ რამდენად მდგრადია პროექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარკვეულ შემთხვევებში ჰიდროელექტროენერგია არათუ იაფია, არამედ – ძალზე ძვირი და ხშირად გამოუსწორებელი, კატასტროფულ შედეგების მომტანი. ამიტომ, ჰიდროპროექტების ე.წ. ალტერნატიული ღირებულება (opportunity cost) შესაძლოა, ძალზე მაღალი იყოს. მსოფლიომ გადახედა საუკუნოვან გამოცდილებას და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, შემდეგ კი მისი ექსპლოატაცია ძალიან პრობლემურია. 50-წლიანი ექსპლოატაციის შემდეგ ყველა კაშხალს ექმნება სერიოზული პრობლემები როგორც ეკოლოგიური, ისე – ტექნიკური ხასიათის. ამ პრობლემებს რომ გადააწყდნენ ამერიკა და რიგი ევროპის ქვეყნები, დაიწყეს კაშხლების დემონტაჟი (ასეულობით კაშხალი დაინგრა), ე.წ. მდინარეების განთავისუფლების მოძრაობა. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მთავრობამ ხელი უნდა აიღოს ჰიდროენერგიის გამოყენების მაქსიმიზაციაზე, მასზე გადაჭარბებით დამოკიდებულებაზე (Forced Hydro). ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნავენ, რომ საქართველოს გააჩნია წელიწადში 40 მილიარდი კილოვატსაათი ჰიდროელექტროენერგიის პოტენციალი, რაც, ჩვენი აზრით, ძლიერ გადაჭარბებულია, რაგან ამ შეფასების დროს მხედველობაში არ მიიღებოდა ზემოაღნიშნული მდგრადობის კრიტერიუმები და გაანგარიშება მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობით ხდებოდა. ჩვენი აზრით, აუცილებელია მდინარეების კლასიფიკაცია-ზონირება მდგრადობის კრიტერიუმებით ენერგომიზნებისათვის.
-როგორ უნდა გადაიჭრას ქვეყნის გრძელვადიანი ენერგოუზრუნველყოფის პრობლემა?
-საკითხს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ და ყველაფერი გულდასმით გავითვალოთ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გრძელვადიანი სცენარი (ნაკლებხარჯიანი გეგმა-LCP) მსოფლიო ბანკის დაკვეთით ცნობილმა ენერგოსაკონსულტაციო ორგანიზაციამ (ESMAP) შეასრულა. სიმულაციური მოდელით 2041 წლამდე გაიანგარიშეს საქართველოს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გეგმა, სადაც ჩასმულია მთავრობის მიერ მიწოდებული ჰიდრო, გაზის, ქარისა და მზის ელექრტროგენერაციის კონკრეტული პროექტები. მოდელში გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნის საშუალოდ 4%-იანი ეკონომიკური(მშპ) ზრდა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში; ჰიდრო, ქარისა და მზის ბუნებრივი ნაკადების დინება, ელექროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საბაზრო ფასები, მოთხოვნის ზრდა ელექტროენერგიაზე და ა.შ. რაც ყველაზე საგულისხმოა, განვითარების ამ სცენარში საერთოდ არ ფიგურირებს არცერთი გახმაურებული დიდი ჰესი-ხუდონი, ნამახვანი, ნენსკრა…
არსებული ოფიციალური დოკუმენტების ანალიზისა და მიმდინარე პოლიტიკის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, დროა, საქართველოს მთავრობამ ყველა კომპეტენტური ინსტიტუციის, საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებულ პირთა ჩართულობით შეიმუშაოს ახალი, ოპტიმალური ენერგოსტრატეგია და განახორციელოს შესაბამისი პოლიტიკა მდგრადი გავითარების პრინციპების, უსაფრთხოებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.
ია დანელია