გია აბაშიძე: საჯარო, საექსპერტო და პოლიტიკურ სივრცეში სირცხვილია ისეთი პარტიების ყოფნა, რომლებსაც სააკაშვილ-გვარამიას ბულინგი აშინებთ
საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იწყებს მუშაობას, რომელიც არჩევნების გაყალბების შესაძლო შემთხვევებს შეისწავლის. მის მუშაობაში მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტია: ,,ევროპელი სოციალისტები“ და ალეკო ელისაშვილის ,,მოქალაქეები“ იღებენ მონაწილეობას. სხვა ოპოზიციური პარტიები კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას სრულ უნდობლობას უცხადებენ.
,,კვირა“ პოლიტიკურ ექსპერტს, გია აბაშიძეს ესაუბრა:
-პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს იწყებს მუშაობას – მან 31 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების შემთხვევები უნდა გამოავლინოს. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში დარჩენილი ქართული ოპოზიციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს კომისიის მუშაობის შედეგები, ისინი არცერთი ფორმით თანხმდებიან კომისიის მუშაობაში ჩართვაზე. რატომ?
-დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც დღეს იწყებს მუშაობას, სრულიად უნიკალურია საქართველოს პარლამენტის ისტორიაში. მსგავსი საგამოძიებო კომისია არა თუ საქართველოს პარლამენტში, არც სხვა ქვეყნის პარლამენტებში მინახავს. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომისია დაადგენს არჩევნების 1%-იან გაყალბებას მაინც, ის მზადაა, დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციას მაინც ჯიუტად არ სურს კომისიის მუშაობაში ჩართვა. მან მშვენივრად იცის, რომ 31 ოქტომბერს არჩევნების არ გაყალბებულა, ვერაფერ ხელჩასაჭიდს ვერც ექსპერტები და ვერც მათივე წევრები ვერ იპოვიან, ამიტომაც არ სურთ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება. ესაა და ეს, თუმცა, ძალზე სამწუხაროა, რომ საქართველოს ასეთი უმწიფარი ოპოზიციური სპექტრი ჰყავს, რომლებსაც არ სურთ, პასუხისმგებლები იყვნენ ქვეყნის მომავალზე.
-ოპოზიციაც პირობითად ორ ბანაკად – მსხვილ და მცირერიცხოვან პარტიებად იყოფა. თუ ,,მსხვილებს“ ქუჩაში დარჩენა არ აშინებთ, რა ბედი ელით ახალგაზრდა პარტიებს, რომლებმაც მცირერიცხოვანი მანდატები მიიღეს, მაგრამ მაინც არ სურთ პარლამენტში შესვლა?
-შეუძლებელია, მოიპოვო საპარლამენტო მანდატი და არ ისარგებლო ამით, არ შეხვიდე პარლამენტში, არ გამოიყენო საპარლამენტო ტრიბუნა და საკუთარი პარტია ნებაყოფლობით გააქრო პოლიტიკური ველიდან. თუ ,,ნაციონალებსა“ და ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერებს რამდენიმეთვიანი ბოიკოტი არ აშინებთ და ფიქრობენ, რომ თავისას მაინც გაიტანენ, სრულიად უიმედო სიტუაციაში არიან ისეთი პატარა პარტიები, როგორებიცაა ,,ლელო,“ ,,გირჩი“ და ,,რესპუბლიკელები“, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, არამედ – საკუთარ ამომრჩეველსა და დასავლელ პარტნიორებს. როგორ აპირებენ ისინი ბრიუსელში, სტრასბურგსა და ვაშინგტონში მათთან ლაპარაკს, თუ საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან? ერთი მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმშია და ოპონირებას უწევს მმართველ პარტიას, მეორე მხრივ კი უარს ამბობს ოპონირების მექანიზმზე. დასავლეთი ესაუბრება მხოლოდ ლეგიტიმურ, ხალხის მიერ არჩეულ ოპოზიციას და არა – ქუჩაში დარჩენილ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სერიოზულადაც არავინ აღიქვამს. ადრე თუ გვიან, პატარა პარტიები აუცილებლად გაქრებიან საქართველოს პოლიტიკური სივრციდან. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია არაერთ ასეთ მაგალითს იცნობს. დღეს მათი სახელიც კი აღარავის ახსოვს. თუ დღეს სააკაშვილი-გვარამიას ბულინგს თავს ვერ დააღწევსენ ,,ლელო“, ,,გირჩი“ და მისთანანი, ხვალ პოლიტიკურ სივრცეში ოპონირების შანსზე პერტენზიაც აღარ უნდა ჰქონდეთ. საჯარო, საექსპერტო და პოლიტიკურ სივრცეში სირცხვილია ისეთი პარტიების ყოფნა, რომლებსაც სააკაშვილ-გვარამიას ბულინგი აშინებს.
-პოლიტიკურ კულუარებში გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ სიის ზოგიერთი დეპუტატი აპირებს პარლამენტში შესვლას.
-არ გამოვრიცხავ ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილებასა და მის დაშლას. ასეთი შემთხვევებიც მომხდარა არაერთი პარტიის ისტორიაში. არ მინდა, მარჩიელობის დონეზე განვიხილო, რომელი დეპუტატი აპირებს პარლამენტში შესვლას და რომელი – არა, მთავარია, მათ აქვთ დრო, საბოლოო გადაწყვეტილებამდე კარგად გაიაზრონ საკუთარი ქმედებების შედეგები.
-ოპოზიცია საგაზაფხულოდ მრავალრიცხოვან აქციებს აანონსებს და აცხადებს, რომ საქართველოში უკმაყოფილო პროფესიულმა ჯგუფებმა უკვე დაიწყეს ქუჩაში გამოსვლა.
-სოციალური და ეკონომიკური სიტუაციით უკმაყოფილო მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ ლონდონშიც, პარიზშიც, ბერლინშიც, თუმცა, ამით არც იქ და არც აქ ხელისუფლება არ ჩამოშლილა. მთავარია, ძალისმიერი მეთოდებით შტურმი არავინ გაბედოს სახელისუფლო ორგანოებზე, თორემ გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ.
ია დანელია