თურქმენეთის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურას გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, თურქმენეთის დელეგაციას, რომელსაც ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევი ხელმძღვანელობს, საზღვაო ნავსადგურები და მიმდებარე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
დელეგაციის წევრები „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მუშაობასა და საოპერაციო საქმიანობას ადგილზე გაეცნენ. თამარ იოსელიანი და ნოკერგული ატაგულიევი ასევე იმყოფებოდნენ ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში, რომლის ოპერატორი Pace Group-ია.
დელეგაცია სხვადასხვა ტერმინალის ინფრასტრუქტურას, არსებულ შესაძლებლობებსა და სიმძლავრეებს გაეცნო.
ფოთის შემდეგ სტუმრებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს, სადაც დაღრმავებით სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ასრულებს. თამარ იოსელიანმა დელეგაციის წევრებს პროექტის დეტალები და სამომავლო გეგმები დეტალურად გააცნო.
თურქმენული მხარე დაინტერესებულია საქართველოს მოქმედი პორტების მიმდებარედ სასაწყობე-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებით.
„თურქმენეთის სახელმწიფო დელეგაციას გავაცანით საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა და მისი შესაძლებლობები. დავათვალიერეთ ფოთის არსებული და ახალი საზღვაო ნავსადგურები, ასევე ვეწვიეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო-სამობილიზაციო მოედანს, სადაც სტუმრებს ჩვენი სამომავლო გეგმები გავუზიარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია შუა დერეფანში მიმდინარე პროცესები. ამ კონტექსტში, შუა აზია წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორსა და სატრანზიტო მიმართულებას, რომლის აქტიური ჩართულობა განსაზღვრავს დერეფნის ეფექტიანობასა და კონკურენტუნარიანობას. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის თურქმენეთთან, რათა ამ მარშრუტზე ტვირთბრუნვა გაიზარდოს და აღნიშნულ ნაკადებს ეფექტურად და სწრაფად მოვემსახუროთ“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
თურქმენეთის დელეგაციას ანაკლიასა და ფოთში მინისტრის მოადგილესთან ერთად უმასპინძლეს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ და სს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ. ანაკლიასა და ფოთში ასევე იმყოფებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი.