არაღჩი: თურქეთის, პაკისტანის და ეგვიპტის გარანტიები ჩვენთვის საკმარისი არ არის – ტრამპმა მიდგომა უნდა შეცვალოს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ თეირანი პაკისტანის, ეგვიპტისა და თურქეთის შესაძლო გარანტიებით ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით კმაყოფილი არ არის.
„ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში არაღჩიმ აღნიშნა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მექანიზმების მეშვეობით უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ირანს ეჭვი ეპარება.
“გამოცდილება აჩვენებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს გარანტიებიც კი არ არის საკმარისი. ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა იდეას გვთავაზობენ და ამჟამად განვიხილავთ, თუ რომელ მექანიზმებს ექნება რეალური გავლენა, თუ კონფლიქტი ირანის პირობებით დასრულდება“, – განაცხადა ირანელმა მინისტრმა.
მისი თქმით, თეირანი ვაშინგტონის ულტიმატუმებს არ მიიღებს.
“აშშ-ის პრეზიდენტმა მიდგომა უნდა შეცვალოს. ირანის დამოუკიდებელ ხალხს მუქარის ენით არ შეიძლება ელაპარაკო. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხი ბრძოლის ველზე იქნება გაცემული”, – აღნიშნა მან.