მახაშვილი – ოპოზიციის ალიანსზე: მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებაში დაყოფას და შუღლის გაღვივებას და როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი, ვინ არიან მთავარი ავტორები, კარგად ჩანს

“როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი, ვინ არიან პოლარიზაციის მთავარი ავტორები, კარგად ჩანს”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სად და როგორ გადანაწილდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის.

„მე არ მიკვირს 2011 წლის 26 მაისის ავტორებისგან ისევ 26 მაისზე სწორება. ძალიან საინტერესოა ისევ ისეთ ღონისძიებებზე დამთხვევა, მათი ე.წ. ფინალური აქტების, რომელიც წინასწარ იკითხება, რომ მოიცავს საზოგადოებრივი დაპირისპირების საკითხებს. კიდევ ერთხელ მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებაში დაყოფას და შუღლის გაღვივებას და როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი, აგერ, ვინ არიან მთავარი ავტორები პოლარიზაციის, ამითაც კარგად ჩანს. რაც შეეხება ამ ალიანსს, რამდენიმე კვირის წინ დააანონსეს, რომ „აღვსდექით და ერთად ვართ“, მერე უკვე ისევ რაღაც ახალ-ახალი სახელები, ახალ-ახალი სხვადასხვა ფერის და ისევ სახელებით დაყოფა. ეს რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად – ყოველდღე, ყოველ წამს სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარდგნენ საზოგადოების წინაშე. არ აინტერესებს ქვეყანას ეს ახალი, ლამაზი სახელები, ისეთი კრეატიული თემები და ცისარტყელას ფერები. თუ რამე აინტერესებს მოსახლეობას, არის კონკრეტულ პრობლემაზე კონკრეტული გამოსავლის შეთავაზება. ამის ნაცვლად, ისევ რაღაც ახალი სახელებით ცდილობენ საზოგადოების დაბნევას“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები