ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით შესული საჩივრების განხილვის ეს ეტაპი ეხება როგორც დასაშვებობის ნაწილს, ისე არსებით ნაწილს… შეიძლება დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს
სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრები „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით განიხილება როგორც დასაშვებობის, ისე არსებით ეტაპზე და განხილვის შემდეგ შეიძლება დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ითხოვდნენ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას და კანონის მოქმედების შეჩერებას, სტრასბურგის სასამართლოში ეს მოთხოვნა ან არ ყოფილა დაყენებული, ან არ დაკმაყოფილდა.
„მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნები ეროვნულ დონეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ითხოვდნენ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე, სტრასბურგის სასამართლოდან მსგავსი ინფორმაცია არ შემოსულა სახელმწიფოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მათ ან ევროპული სასამართლოს წინაშე ან არ მოუთხოვიათ კანონის მოქმედების შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილდათ. შესაბამისად, მათი განცხადებები, რომ თითქოს მყისიერად, გადაუდებლად ხდება მათი უფლებების შეზღუდვა, არ შეესაბამება სიმართლეს. სხვა შემთხვევაში მათ აუცილებლად უნდა მოეთხოვათ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება“, – აღნიშნა ძამაშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, განხილვის ამ ეტაპზე სტრასბურგის სასამართლომ უნდა განსაზღვროს, საერთოდ, რამდენად შეიძლება, მომჩივნები ჩაითვალონ დაზარალებულებად, მისი შეკითხვების ადრესატები კი არიან როგორც სახელმწიფო, ისე მომჩივნები.
„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ შეკითხვები დაუსვა ორივე მხარეს – როგორც სახელმწიფოს, ისე მომჩივნებს. საქმე განიხილება როგორც დასაშვებობის ეტაპზე, ისე არსებით ნაწილზე. ანუ ევროპულმა სასამართლომ კითხვა დასვა – საერთოდ, რამდენად შეიძლება მომჩივნები ჩაითვალონ მსხვერპლებად. შეიძლება, საერთოდ, ამ განხილვის შემდეგ დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს. ამდენად, ეს განხილვის ეტაპი, საზოგადოებისთვის რომ ცნობილი იყოს, ეხება როგორც დასაშვებობის ნაწილს, ისე არსებით ნაწილს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.