ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინოვაციის ჯილდო გადაეცა

აზიის განვითარების ბანკში (ADB) ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ინოვაციის ჯილდო მიიღო. აღნიშნული ჯილდო კომპანიის მიერ განხორციელებული პროგრესის, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომისა და სექტორში მიმდინარე რეფორმების ეფექტიანად განხორციელების აღიარებას წარმოადგენს. ინფორმაციას გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

შეხვედრას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე სალომე ვაშაკიძე და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო მიმდინარე და დასრულებული პროექტები, მათი განხორციელების ეტაპები, მიღწეული შედეგები, ასევე სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მონაწილეებმა იმსჯელეს როგორც უკვე მიღწეულ შედეგებზე, ასევე იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც მოსახლეობისთვის ხარისხიანი და სტანდარტის შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფას ემსახურება.

აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა კომპანიის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, რის საფუძველზეც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია Result-Based Lending (RBL) პროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდა.

Result-Based Lending (RBL) შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობითა და მხარდაჭერით, დაიწყო წყალმომარაგების სექტორისთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ ლოკაციაზე 400 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, რის შედეგადაც 150 000-ზე მეტი ბენეფიციარი სტანდარტის შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც ქვეყანაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას უწყობს ხელს.

აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მინისტრების მოადგილეები, ასევე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები