„ჩრდილოეთის ნაკადი -2“ მაინც აშენდება – აშშ და გერმანია კომპრომისის ძიებაში

„რა უნდა მოხდეს ისეთი რომ რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის დასრულება ვერ შეძლოს“,- ეს განცხადება პოლონეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ცენტრის სპეციალისტს შიმონ კარდაშ ეკუთვნის. პოლონელი სპეციალისტის განმარტებით, გაზსადენის 95 % დასრულებულია და რუსეთ-გერმანიის ტანდემი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროექტი ბოლომდე მივიდეს. როგორც Interia -ს პორტალზე პოლონელი ჟურნალისტი მონიკა ბერკოვსკაია წერს, გერმანულ მედიაში გაჩნდა მინიშნებები, რომ პროექტის დასრულებას აღარც აშშ ეწინააღმდეგება, თუმცა გარკვეული დათქმებით.
გერმანული გამოცემა Handelsblatt- ის ინფორმაციით, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მთელი რიგი პირობები აქვს იმისათვის, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი -2“ -ის მშენებლობას სანქციები მოუხსნას. ერთ -ერთი პირობის თანახმად, „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის ამოქმედებამ ხელი არ უნდა შეუშალოს რუსული გაზის ტრანზიტს ევროპაში უკრაინის გავლით.
გერმანიამ უნდა გასცეს ასეთი გარანტია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკული სანქციების გამკაცრება გარდაუვალია“,- უთხრა Handelsblatt-ს აშშ-ს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 19 იანვარს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ გაზსადენის მშენებლების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, კერძოდ, შეზღუდვები შეეხო რუსულ გემ „ფორტუნას“, რომელიც ზღვის ფსკერზე მილების ჩადება – მონტაჟშია სპეციალიზირებული. სანქციები გულისხმობს გემთფლობელი კომპანიის და მისი მეპატრონის საბანკო აქტივების და ანგარიშების, ასევე ტრანზაქციების გაყინვას და კიდევ მთელ რიგ აკრძალვებს.
აშშ-ს ამგვარი აქტიურობის მიუხედავად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ აქტიურ მხარდაჭერად რჩება. გაზადენის მშენებლობას მხარ უჭერს მერკელის შესაძლო მემკვიდრე არმინ ლაშეტიც.
შიმონ კარდაშის განცხადებით, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრად უფრო ხისტი პოზიცია ეკავა და გაზსადენის მშენებლობის შეჩერება ლამის იდეა ფიქსად ჰქონდა ქცეული. კარდაშის თქმით, გაზადენის მშენებლობას არც აშშ-ს ახალი ადმინისტაცია უჭერს მხარს, თუმცა ის ნაკლებად ხისტია, რამაც პროექტის ინვესტორებში გარკვეული იმედები გააჩინა. პოლონელი სპეციალისტი თითქმის დარწმუნებულია, რომ საერთო ჯამში კომპრომისი მოიძებნება და აშშ მიიღებს გარანტიას, რომ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნება. კარდაშის მოსაზრებით, უსაფრთხოების გარდა აშშ-სთვის აქტულურია კომერციული ასპექტებიც, კერძოდ, ევროპაში საკუთარი თხევადი ბუნებრივი აირის ექაპორტი.

ნიშანდობლივია, რომ ახლახანს „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეპ ბორრელმაც. მისი თქმით, მესამე ქვეყნის მიერ იმ ევროპული კომპანიების სანქცირება, რომლებიც გაზსადენის მშენებლობასთან არიან კავშირში გაუმართლებელია.
„ევროკავშირი დაინტერესებულია კარგად დარეგულირებული და გამჭირვალე ბაზრით, სადაც უპირატესობა არც რუსულ და არც ამერიკულ თხევად გაზს მიენიჭება“,- აცხადებს ბორრელი.
ევროპელი მაღალჩინოსნის ამ განცხადებას წინ უსწრებდა გერმანიაში რუსეთის ელჩის სერგეი ნეჩაევის გამცხადება. რუსი დიპლომატის შეფასებით, ის დარწმუნებულია, რომ გერმანია და ევროპა დამოუკიდებლად, გარედან ჩარევის გარეშე გადაწყვეტენ როგორი ენერგეტიკული პოლიტიკაა მათთვის მისაღები.
ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების სურვილი და პრაგმატიზმია იმის მიზეზი, რომ გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის მშენებლობაზე უარს არ ამბობს.

როგორც გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, იმის გამო რომ „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის სიგრძე თითქმის 2 ათასი კილომეტრით ნაკლებია სხვა გაზსადენებთან შედარებით, მისი მეშვეობით მიღებული გაზი გაცილებით იაფი იქნება და გერმანიის ეკონომიკაც მეტ სარგებელს მიიღებს.

გერმანულ მხარეს იმედი აქვს, რომ აღნიშნული გაზსადენის ამოქმედების შემდეგ გაზის ფასი ევროპის ბაზარზე მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც შიმონ კარდაში აცხადებს, ამგვარი მოლოდინი გამართლებულია, ვინაიდან „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის ორი განშტოების მეშვეობით ევროპა ყოველწლიურად 55 მილიარდ კუბურ მატრ გაზსს მიიღებს. ეს კი საკმაოდ დიდო მოცულობაა, რასაც როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ფასის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია.

შედარებისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ TANAP-ის და TAP –ის მეშვეობით,რომელიც ექსპულატაციაში გასული წლის ბოლოს შევიდა ევროპამ სულ რაღაც 10 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი უნდა მიიღოს.

აღსანიშნავია, ისიც რომ „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის, გარდა რუსეთი ევროპას გაზს კიდევ სამი მიმართულებიდან აწვდის. ესენია ჩრდილოეთის ნაკადი 1“ – ბალტიის ზღვის გავლით, რომლის გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მილიარდი კუბ.მ.-ია. ასევე მარშრუტი ბელარუსის და პოლონეთის გავლით, რომელიც წელიწადში 30 მილიარდი კუბ.მ.-ს ატარებს და მარშრუტი უკრაინის გავლით, რომლის გამტარუნარიანობაც წელიწადში 120 მილიარდი კუბ.მ.-ს აღწევს.
აშშ-სთან ერთად, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის წინააღმდეგია პოლონეთი, ესტომეთი, ლიტუვა, ლატვია, პოლონეთი და საფრანგეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები