მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის 2020 წელი ყველაზე მძიმე გამოდგა – დანაკარგი 1 ტრილიონ დოლარს აღემატება

აშშ-ში და ევროპის წამყვან ქვეყნებში ვაქცინაციის ისედაც გვიან დაწყებული პროცესი შეფერხებით მიმდინარებს, უფრო  დოზების არასაკმარისი რაოდენობის გამო ზოგ ქვეყანაში იმუნიზაციის ცენტრები დროებით იხურება

ვაქცინაციის პროგრამის შენელებული ტემპის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, დოზების მიწოდების დაყოვნება და წარმოების პრობლემები.  ქვეყნები დაგეგმილზე ნაკლებ დოზას მიიღებენ. კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშნელოვანი მიზეზი და კრიტიკის საგანი გახლავთ ბიუროკრატიული პროცესები და ვაქცინის დოზების განაწილების საკითხი.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 102 მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.2 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 73.8 მილიონს მიაღწია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 26 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

გერმანიის ერთ-ერთ რეგიონში მოეწყო ე.წ. „კოვიდ ციხეები“, სადაც მოათავსებენ იმ ადამიანებს, ვინც უარს აცხადებენ კოვიდ რეგულაციების დაცვაზე.

გერმანიაში, ერთ-ერთ რეგიონში  ადგილობრივი ხელისუფლებების ინიციატივით, მოეწყო ე.წ. „კოვიდ ციხეები“, სადაც მოათავსებენ იმ ადამიანებს, ვინც უარს აცხადებენ კოვიდ რეგულაციების დაცვაზე. „ინფიცირებული პირების იზოლაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კოვიდი ეპიდემიის კონტროლის პროცესში და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უარს ამბობს დაემორჩილოს რეგულაციებს, უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას“, აცხადებს ჩრდილოეთ გერმანიის ერთ-ერთი პატარა ქალაქის წარმომადგენელი.

ცხადია, ეს არ არის ციხე მისი კლასიკური გაგებით და ადამიანებს ექნებათ წვდომა ტელევიზიასთან, ინტერნეტთან და ტელეფონებთან. თუმცა, მსგავს დაწესებულებებში განთავსდებიან კორონავირუსით ინფიცირებული, მოგზაურობიდან დაბრუნებული და კოვიდ დადებითი პაციენტის კონტაქტები, რომლებიც უარს ამბობენ იზოლაციაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იქნება მათი ნების საწინააღმდეგო.

გერმანიის მთავრობა 1 მარტამდე, საერთაშორისო ფრენების სრულ აკრძალვას განიხილავს.

გერმანი აქტიურად განიხილავს საზღვრების უმკაცრესი კონტროლისა და მოგზაურობის შეჩერების საკითხებს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში, გერმანიაში გამკაცრდება სასაზღრო კონტროლი. ცნობილი გახდა, რომ მერკელს ჯანდაცვის სპეციალისტებმა უკვე ურჩიეს, საჰაერო მოგზაურობის მაქსიმალურად, თითქმის სრულიად შეწყვეტა. გერმანიის შს მინისტრის განცხადებით, კოვიდის ახალი შტამის გავრცელების საშიშროება იმდენად დიდია, რომ სიტუაცია მკაცრი ზომების სწრაფად მიღებას საჭიროებს. „კორონავირუსის მუტაციით გამოწვეული საფრთხეები ითხოვს, რომ ქვეყანამ რას შეიძლება სწრაფი რეაგირება მოახდინოს, რაც მოიცავს საზღვრების მკაცრ კონტროლს, განსაკუთრებით, ქვეყნის იმ ნაწილში, რომელიც მაღალი რისკის ზონებს ესაზღვრება. ასევე, აუცილებელია თითქმის ნულამდე დავიყვანოთ საჰაერო მოგზაურობის მაჩვენებელი, ისე, როგორც ეს ისრაელმა გააკეთა, რათა თავიდან ავიცილოთ კოვიდი ახალი შტამების უკონტროლო გავრცლება“, განაცხდა შს მინისტრმა.

გერმანიის მთავრობა მიმდინარე წელს მხოლოდ 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს, ვინაიდან პანდემია კვლავ აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. 2020 წლის შემოდგომაზე, 2021 წლისთვის 4,4,% ზრდა იყო ნავარაუდები.

დიდი ბრიტანეთისთვის 2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელია, რადგან კოვიდ გარდაცვალების მაჩვენებელი გადასცდა 100 ათასიან ნიშნულს. პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ქვეყანაში კორონავირუსს ემსხვერპლა ორჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე 1940-41 წლებში ნაცისტებთან დაპირისპირებას და ასევე, 30 ათასით ნაკლები მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა მეორე მსოფლიო ომს.

პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით 8 მარტამდე სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება, არსებული რისკებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ჯონსონის განცხადებით, ინგლისში „ლოქდაუნი“ სავარაუდოდ, მარტამდე გაგრძელდება. „ჩვენ ჯერ ისევ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები იმისათვის, რომ სკოლების გახსნის თარიღი ვივარაუდოთ“, განაცხადა ჯონსონმა.

28 იანვარს, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 28 680 და გარდაცვალების 1 239 ფაქტი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი, წინა დღის მონაცემთან შედარებით, 3 000 შემთხვევითაა გაზრდილი. გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ფრითი პატელის განცხადებით, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში სამოგზაურო პროტოკოლი კიდევ უფრო მკაცრდება. საზღვარგარეთ მგზავრობის მსურველებმა უნდა დაასაბუთონ თუ რატომ არის მათი მგზავრობა გადაუდებელი. აღნიშნული წესის აღსრულებისათვის აეროპორტებსა და პორტებში პოლიციის დამატებითი ჯგუფები იქნებიან მობილიზებული. დასაბუთების გარეშე, მგზავრები საზღვარს ვერ გადაკვეთენ.

პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, „წითელი ზოდებიდან“ დაბრუნებული გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ, 10 დღიან თვითიზოლაციას, მთავრობის მიერ განსაზღვრულ სასტუმროებში გაივლიან.

შოტლანდიის პირველი მინისტრის, ნიკოლა სტერჯენის განცხადებით, ქვეყანაში შესაძლოა „ლოქდაუნის“ პირობებში კიდევ უფრო გამკაცრებული ზომები ამოქმედდეს. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები ვირუსის შესაკავებლად საკმარისი არ არის, ვინაიდან კარანტინში მყოფ ადამიანებზე მუდმივი ზედამხედველობაც არის საჭირო. ასევე, პირველმა მინისტრმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია მოქალაქეებს საზღვარგარეთ გამგზავრება დროებით აეკრძალოთ.

დიდ ბრიტანეთში, პოლიციამ დააჯარიმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი „მასობრივი გუნდაობის ორგანიზებისთვის“ და ჯარიმის ოდენობა განსაზღვრა 10 ათასი ფუნტით. პოლიციის განცხადებით, ორმა ახალგაზრდამ ორგანიზება გაუკეთა ასეულობით ადამიანის შეკრებას, რაც ერთი მხრივ, არის კოვიდ რეგულაციების უხეში დარღვევა და მეორე მხრივ, წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის საფუძველს. „ჩვენთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო ასეთი დიდი ოდენობით ჯარიმების გამოწერა, თუმცა, მათმა ქმედებამ გამოიწვია ის, რომ ასეულობით ადამიანმა დაარღვია კოვიდ წესებით განსაზღვრული სოციალური დისტანცია, რამაც მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა“, – განაცხადეს პოლიციელებმა.

2020 წელს, აშშ-ის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გასული წელი ყველაზე მძიმე იყო ქვეყნის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თვის მანძილზე მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, პანდემიამდე, 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე ქვეყნები დადგნენ 2009 წელს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს. თუმცა, მაშინ, აშშ-ის ეკონომიკა მხოლოდ 2.5%-ით შემცირდა.

ქვეყანაში ეპიდემოლოგიური სიტუაცია კვლავ მძიმეა, რაც თავისთავად განაპირობებს ეკონომიკურ სირთულეებს. ჯამში, პანდემიის დაწყების დღიდან, ამერიკის 25 მილიონზე მეტ მოქალაქეს დაუდგინდა კორონავირუსის ინფექცია და დღევანდელი მონაცემებით, პანდემიამ 429 ათასი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აშშ-ის ინფექციური დაავადებების კვლევის ცენტრის დირექტორის, მაიკლ ოსტერჰოლმის, განცხადებით, მომდევნო 6-14 კვირა იქნება კრიტიკული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რადგან კოვიდის ახალი შტამების გავრცელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, საერთო სურათს კიდევ უფრო ამძიმებს.

ასევე, ოსტერჰოლმის განცხადებით, ის კატეგორიულად არ ეთანხმება კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებას და ფიქრობს, რომ კოვიდ ტესტების რაოდენობის ზრდა ისეთივე მნიშნელოვანია, როგორც ვაქცინაციის პროგრამება.

მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიამ, გლობალური კორონავირუსის პანდემიის პირობებში, დაკარგა 1 ტრილიონ 300 მილიარდი დოლარი და გაეროს მონაცემებით, „ტურიზმის ისტორიაში 2020 იყო ყველაზე ცუდი წელი“. 2009 წელთან შედარებით, როდესაც მსოფლიო გლობალური ეკონომიკური კრიზისის წინაშე იყო,  2020  წელს შემოსავლები 11-ჯერ შემცირდა. მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის განცხადებით (WTO), მიუხედავად იმისა, რომ არაერთმა ქვეყანამ მიიღო ზომები ტურიზმის დასახმარებლად და საერთაშისო მოგზაურთათვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, კრიზისი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ასევე, მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის პროგრამა შეამსუბუქებს სიტუაციას და თანდათანობით მოხდება პროცესების ნორმალიზება, თუმცა ვაქცინაციის პროცესი აქტიური ჯერ კიდევ არ არის და 2021 წლის დასაწყისში, არაერთმა ქვეყანამ, გაამკაცრა რეგულაციები მოგზაურთათვის და ნაწილობრივ ან სრულიად დაკეტა საზღვრები, პანდემიის გავრცელების შესანელებლად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით,  ნაადრევია საუბარი  შეზღუდვების მოსხნაზე. დღევანდელი მონაცემებით, მკაცრი რეგულაციები მოქმედებს ევროპის მინიმუმ 25 ქვეყანაში და ბოლო დღეების კლების ტენდენციის მიუხედავად, ვირუსის გავრცელება კვლავ მაღალია, რასაც ემატება კოვიდის ე.წ. ახალი შტამები. ასევე, ჯანმოს ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში პარადოქსული სიტუაციაა – დაწყებულია ვაქცინაციის პროცესი, თუმცა, ვრცელდება ახალი შტამები, რომელიც თავისთავად ართულებს სიტუაციას, იწვევს დაბნეულობასა და ღელვას, რადგან ახალი შტამების შესახებ, მეცნიერებისთვის, ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელება კვლავ მაღალია და იანვრის თვის დასაწყისში დაწესებული მკაცრი რეგულაციები, მათ შორის კომენდანტის საათი, არ აღმოჩნდა საკმარისი ეპიდემიის შესაჩერებლად. მისივე თქმით გაზრდილია დაწოლა ჯანდაცვის სექტორზე და დღევანდელი მონაცემებით, საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებების პაციენტების 60%-ი კოვიდ ინფიცირებულებს აქვთ დაკავებული, რაც საერთო სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. მინისტრის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი აქტიურად განიხილავს კოვიდ რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას.

ბოლო 4 დღის განმავლობაში, საფრანგეთში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20 000-ს აჭარბებს. ჰოსპიტალიზებულ პირთა რაოდენობამ კი 27 000-ს მიაღწია, რაც მესამე „ლოქდაუნის“ რისკებს ზრდის.  „ლოქდაუნის“ შესაძლო დაწესებაზე მთავრობა კონსულტაციებს კვლავ გააგრძელებს.

27 იანვარს, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 27 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2020 წლის ნოემბრის შემდეგ მორიგი ანტირეკორდია. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირების 2 000-მდე შემთხვევა COVID-19-ის ახალ შტამზე მოდის.

საფრანგეთის მთელ რიგ რეგიონებში ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილი ვითარება შემაშფოთებელია. ნიცაში, სადაც ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ინტენსიური თერაპიის პალატებში მოთავსებული პაციენტების სხვა რეგიონებში გადაყვანა მოუხდათ.

2 თებერვლიდან, ვაქცინის დეფიციტის გამო, ქ. პარიზში ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.  26 იანვრის მონაცემებით, საფრანგეთში სულ ვაქცინის 1,13 მილიონი დოზაა ადმინისტრირებული.

28 იანვარს, დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კოვიდ შეზღუდვები გაგრძელდება 28 თებერვლამდე. მისი განცხადებით, ქვეყნის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ანალიზის შედეგად ცხადი გახდა, რომ იმ შეზღდვების პირობებში, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს, კოვიდის ახალი შტამების გავრცელება მაღალია, რამაც შექმნა რეგულაციების დამატებით გამკაცრების საჭიროება. „ჩვენ ვერ შევძლებთ ეპიდემიის გავრცელების შეჩერებას, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევანელოთ გავრცელების სიჩქარე“, – განაცხადა პრემიერმა.

ლიეტუვაში მოქმედი როგორც შიდა შეზღუდვები, ისე საზღვრის კვეთის რეგულაციები 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა. შესაბამისად, მოქალაქეებს სახლის დატოვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ. მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილებაც შეზღუდული რჩება. არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიზნესი კვლავ დახურულია. ქვეყანაში შემოსვლისას მგზავრებმა 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ ან ჩამოსვლიდან 24 საათში ტესტი ჩაიტარონ და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოგზაურობის პროტოკოლი იცვლება. ახალი რეგულაციების მიხედვით, საერთაშორისო მგზავრებს ქვეყანაში შემოსვლისას საზღვარზე PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 14 დღიან კარანტინს გაივლიან.

ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან მომავალი მგზავრები, ქვეყანაში შესვლისთანავე ჯერ 14 დღიან სავალდებულო კარანტინს და შემდეგ სავალდებულო ტესტირებას გაივლიან. ამ ქვეყნებიდან მომავალი მგზავრები თვითიზოლაციიდან გასვლას, მხოლოდ ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში შეძლებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან და სამხრეთ აფრიკასთან 5 მარტამდე უვიზო მიმოსვლა შეწყდება. ყველა სხვა ქვეყნებიდან მომავალ მგზავრებზე, 14 დღიანი თვითიზოლაციის წესი იმოქმედებს, თუმცა მგზავრებს უფლება ექნებათ 5 დღის შემდეგ, PCR ტესტი გაიკეთონ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თვითიზოლაცია შეწყვიტონ.

მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ მოგზაურობა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში დაგეგმონ.

26 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 36 435 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 591 ფაქტი გამოვლინდა. ეს უკანასკნელი მესამე ტალღის ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ესპანეთში ეტაპობრივად კლებულობს. მადრიდში, ვაქცინის დეფიციტის გამო, აცრების ჩატარება 2 კვირით გადაიდო. 26 იანვარს, ესპანეთმა დიდი ბრიტანეთიდან საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაზე შეზღუდვა თებერვლის შუა რიცხვებამდე დააწესა. მსგავსი შეზღუდვა ანდორას სახელმწიფოზეც გავრცელდება.

პორტუგალიაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, საავადმყოფოებში ჟანგბადზე მოთხოვნა გაიზარდა და შესაძლოა არსებული მარაგი ამოიწუროს. ქვეყანაში არსებული ინტენსიური თერაპიის საწოლების 2/3 კორონავირუსის პაციენტებს ემსახურება, ხოლო სამხედრო ჰოსპიტლებში, კაფეტერიის სივრცეებიც კორონავირუსის პაციენტებისთვისაა გამოყოფილი.

შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი რისკის ზონიდან მომავალ პირებს საზღვარზე COVID-19- ის ნეგატიური ტესტის პასუხის წარდგენა დაევალათ. რეგულაცია 8 თებერვლამდე იმოქმედებს.

 

27 იანვრიდან, ფინეთში ყველა ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრების მოქალაქეების შესვლა იზღუდება. აღნიშნულის მიზანს, კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების შეკავება წარმოადგენს.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  29 იანვრიდან ქვეყნის ყველა საზღვარი დაიკეტება და უცხო ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ ნორვეგიაში შესვლას.

უნგრეთის მთავრობის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული გადაადგილების შეზღუდვები ქვეყანაში 1 მარტამდე გახანგრძლივდება. კომენდანტის საათი (20:00-05:00 საათებში) ძალაში რჩება. აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა, ყველა მაღაზია 19:00 საათზე დაიხურება. რესტორნები მომხმარებლებს მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისს შესთავაზებენ.

29 იანვრიდან, ბულგარეთის საზღვრის კვეთისას, 72 საათით ადრე გაკეთებული, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო ხდება. შეზღუდვა  აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. ბულგარეთის მოქალაქეები ტესტის წარუდგენლობის შემთხვევაში 10 დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ.

1 თებერვალს, ბულგარეთში სავაჭრო ცენტრები და სპორტული დარბაზები,   1 მარტიდან, კაფეები და რესტორნები, სივრცის 50%-იანი ათვისებით, მუშაობას განაახლებენ, თუმცა ბარები და ღამის კლუბები ჯერ არ იხსნება, რასაც ქ. სოფიაში დემონსტრაციები მოჰყვა.

28 იანვარს, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 19 138 და გარდაცვალების 575 ფაქტი გამოვლინდა.

28 იანვარს, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 5 529 და გარდაცვალების 149 ფაქტი დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები