ალექსანდარ ჯიკიჩმა საქართველოს კალათბურთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია – ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა ის 24 მოთამაშე დაასახელა, რომლიდანაც მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ძირითად შემადგენლობას შეარჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაფართოებულ შემადგენლობაში ნაკრების გამოცდილ ლიდერებთან ერთად ახალი სახეებიცაა.

,,ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2023 წელს იასპარეზა და მუნდიალზე ზედიზედ მეორედ გასვლას საკვალიფიკაციო ტურნირში წარმატების გზით შეეცდება, რომელიც სტარტს 27 ნოემბერს აიღებს. საქართველოს ჯგუფში ესპანეთი, უკრაინა და დანია ჰყავს, მომდევნო, მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი 3 საუკეთესო გადის. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ფანჯრის ფარგლებში 2 მატჩს ჩაატარებს: 27 ნოემბერს თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 30ნოემბერს სანტა კრუზ დე ტენერიფეში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
სწორედ ამ მატჩებისთვის თბილისში 20 ნოემბერს სანაკრებო შეკრება იწყება. მთავარი მწვრთნელის, ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით თავდაპირველად სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ივარჯიშებენ და ნაკრებს დღითი დღე ლეგიონერები შეუერთდებიან. მოგეხსენებათ, ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში მომავალ შაბათ-კვირას ტურის მატჩებია და მათი დასრულების შემდეგ ქართველი ლეგიონერები ნაკრებს მოაშურებენ.
24-კაციან სიაში 4 ისეთი მოთამაშეა, რომლებიც ნაკრებში პირველად გამოიძახეს – ლუკა ალავიძე (ქუთაისი 2010), გიორგი კობახიძე, რომა ჭინჭარაული (ორივე ზესტაფონის მარგვეთი) და ლუკა კალატოზიშვილი (ვსა). ალექსანდრე მერკვილაძე ნაკრებში გამოძახებული იყო, თუმცა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაშის გამო ვარჯიშებზე ჩამოსვლა ვერ შეძლო. ახლა მერკვილაძე ბერძნულ არისში ასპარეზობს და ეროვნულ ნაკრებში დაუბრკოლებლად ჩამოვა.
ნაკრებში გამოძახებული იყვნენ, მაგრამ ტრავმის გამო შეკრებაზე ვერ იქნებიან “ბათუმი 2010”-ის წევრი გიორგი ოჩხიკიძე და ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, მიუნხენის ბაიერნის უკანახაზელი, კამარ ბოლდუინი. ნატურალიზებული მოთამაშის ადგილი ჩვენს ნაკრებში თად მაკფადენმა დაიკავა, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას 2018-2023 წლებში იცავდა და ჩვენს გუნდთან ერთად არაერთი დიდი გამარჯვების მონაწილე და სულისჩამდგმელიც ყოფილა. მაკფადენი ბოლო წლებში ოკეანგაღმა თამაშობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ სათამაშოდ ევროპაში დაბრუნდა და ბოლდუინის ტრავმის შემდეგ ნაკრების მწვრთნელმა მისი გამოძახება გადაწყვიტა.
გაგაცნობთ მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფორმატს: პირველ ჯგუფურ ეტაპზე 2 წრე ჩატარდება და საუკეთესო 3 ნაკრები მომდევნო (ჯგუფურ) ეტაპზე გავა, სადაც ასევე 3 საუკეთერსო სხვა ჯგუფიდან (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) გადმოვა და შედგება 6-გუნდიანი ჯგუფი. პირველი ეტაპზე ერთმანეთში ნაჩვენები შედეგები გუნდებს მე-2 ჯგუფში გადაჰყვებათ და იქ მხოლოდ იმ გუნდებს შეხვდებიან, რომლებთანაც მანამდე არ უთამაშიათ (მატჩები 2026 წლის აგვისტო-ნოემბერში და 2027 წლის თებერვალში ჩატარდება). საბოლოო ჯამში, ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები (ჯამში 12) მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს”,- წერია ინფორმაციაში.