ბრიტანეთის პრემიერს 8 მარტამდე სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება მიზანშეწონილად არ მიიჩნია; დიდი ბრიტანეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც კოვიდგარდაცვალების მაჩვენებელი 100 ათასიან ნიშნულს აცდა

დიდი ბრიტანეთისთვის 2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელია, რადგან კოვიდ გარდაცვალების მაჩვენებელი გადასცდა 100-ათასიან ნიშნულს, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათივე განმარტებით, პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ქვეყანაში კორონავირუსს ემსხვერპლა ორჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე – 1940-41 წლებში ნაცისტებთან დაპირისპირებას და, ასევე, 30 ათასით ნაკლები მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა მეორე მსოფლიო ომს.
პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, 8 მარტამდე სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება, არსებული რისკებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ჯონსონის განცხადებით, ინგლისში „ლოქდაუნი“, სავარაუდოდ, მარტამდე გაგრძელდება.
„ჩვენ ჯერ ისევ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები იმისათვის, რომ სკოლების გახსნის თარიღი ვივარაუდოთ“, – განაცხადა ჯონსონმა.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, აღნიშნულია, რომ 28 იანვარს გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 28 680 და გარდაცვალების 1 239 ფაქტი დაფიქსირდა.
„ინფიცირებულთა რიცხვი, წინა დღის მონაცემთან შედარებით, 3 000 შემთხვევითაა გაზრდილი. გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ფრითი პატელის განცხადებით, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში სამოგზაურო პროტოკოლი კიდევ უფრო მკაცრდება. საზღვარგარეთ მგზავრობის მსურველებმა უნდა დაასაბუთონ, თუ რატომ არის მათი მგზავრობა გადაუდებელი. აღნიშნული წესის აღსრულებისათვის აეროპორტებსა და პორტებში პოლიციის დამატებითი ჯგუფები იქნებიან მობილიზებული. დასაბუთების გარეშე, მგზავრები საზღვარს ვერ გადაკვეთენ.
პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, „წითელი ზოდებიდან“ დაბრუნებული გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ, 10-დღიან თვითიზოლაციას მთავრობის მიერ განსაზღვრულ სასტუმროებში გაივლიან.
შოტლანდიის პირველი მინისტრის, ნიკოლა სტერჯენის განცხადებით, ქვეყანაში შესაძლოა, „ლოქდაუნის“ პირობებში კიდევ უფრო გამკაცრებული ზომები ამოქმედდეს. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები ვირუსის შესაკავებლად საკმარისი არ არის, ვინაიდან კარანტინში მყოფ ადამიანებზე მუდმივი ზედამხედველობაც არის საჭირო. ასევე, პირველმა მინისტრმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია მოქალაქეებს საზღვარგარეთ გამგზავრება დროებით აეკრძალოთ“, – წერს უცხოური მედია.
ასევე, აღნიშნულია, რომ დიდ ბრიტანეთში პოლიციამ დააჯარიმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი „მასობრივი გუნდაობის ორგანიზებისა” და ჯარიმის ოდენობა განსაზღვრა 10 000 ფუნტით. პოლიციის განცხადებით, ორმა ახალგაზრდამ ორგანიზება გაუკეთა ასეულობით ადამიანის შეკრებას, რაც, ერთი მხრივ, არის კოვიდ რეგულაციების უხეში დარღვევა და, მეორე მხრივ, წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის საფუძველს.
„ჩვენთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო ასეთი დიდი ოდენობით ჯარიმების გამოწერა, თუმცა, მათმა ქმედებამ გამოიწვია ის, რომ ასეულობით ადამიანმა დაარღვია კოვიდ წესებით განსაზღვრული სოციალური დისტანცია, რამაც მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა“, – განაცხადეს პოლიციელებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები