ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-ში COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესი შეფერხდა,  დოზების არასაკმარისი რაოდენობის გამო იმუნიზაციის ცენტრები იხურება

აშშ-სა და ევროპის წამყვან ქვეყნებში ვაქცინაციის ისედაც გვიან დაწყებული პროცესი შეფერხებით მიმდინარებს, უფრო  დოზების არასაკმარისი რაოდენობის გამო ზოგ ქვეყანაში იმუნიზაციის ცენტრები დროებით იხურება, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი ინფორმაციით, ვაქცინაციის პროგრამის შენელებული ტემპის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია დოზების მიწოდების დაყოვნება და წარმოების პრობლემები. აღნიშნულია, რომ   ქვეყნები დაგეგმილზე ნაკლებ დოზას მიიღებენ. ასევე, ხაზგასმულია, რომ კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშნელოვანი მიზეზი და კრიტიკის საგანი  ბიუროკრატიული პროცესები და ვაქცინის დოზების განაწილების საკითხია.

„AstraZeneca-ს განცხადებამ ვაქცინის დოზების მიწოდების 60%-ით შემცირების თაობაზე გამოიწვია უკმაყოფილება ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთშიც, სადაც ვაქცინაციის პროგრამა დროებით გაჩერდა. ოფიციალური განცხადების მიხედვით, მადრიდში მინიმუმ ორი კვირით ჩერდება იმუნიზაციის პროგრამა, რაც არის ევროპის იმუნიზაციის პროგრამისთვის ერთ-ერთი პირველი და დიდი გამოწვევა, რადგან ევროკავშირის ქვეყნები აქამდეც იყო კრიტიკის ობიექტი ვაქცინაციის შენელებული ტემპების გამო.

გასულ კვირას ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიზანს წარმოადგენს 2021 წლის ზაფხულისთვის მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია. თუმცა, მაგალითად, მადრიდის რეგიონული მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ასეთი ტემპებით ევროკავშირი მოსახლეობის ვაქცინაციას ვერ შეძლებს 2023 წლამდე.

მიმდინარე კვირის მონაცემებით, ევროკავშირის მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს აქვს მიღებული ვაქცინის პირველი დოზა, ბრიტანეთში 11%-ს, ხოლო აშშ-ში მხოლოდ 6%-ს“, – წერს უცხოური მედია.

აშშ-ზე საუბრისას ხაზგასმულია, რომ ვაქცინის დოზების პროცესში სერიოზული დეფიციტია აშშ-შიც, ნიუ იორკში.

„აშშ-ში, ნიუ იორკში საავადმყოფოებს არ აქვთ დეტალური ინფორმაცია ვაქცინის დოზების მიწოდების შესახებ და, შესაბამისად, ხარვეზებია ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვის პროცესში. ნიუ იორკის ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანლის ინფორმაციით, რამდენიმე საავადმყოფოს ვაქცინის დოზები არ მიუღია ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ვერ აგრძელებენ მედპერსონალის იმუნიზაციის პროცესს. უფრო მეტიც, ვაქცინაციის ამ ეტაპზე ნიუ იორკში პროგრამის პრიორიტეტულობის მიხედვით უნდა აიცრას 7.7 მლნ ადამიანი, თუმცა, ცენტრალური მთავრობისგან ქალაქს მხოლოდ 2.2 მლნ დოზა ვაქცინა აქვს მიღებული“, – წერს უცხოური მედია.

რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყანაში, ვაქცინის დოზების არქონის გამო, იხურება იმუნიზაციის ცენტრები.

„2 თებერვლიდან, ვაქცინის დეფიციტის გამო, ქ. პარიზში ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.  სტრასბურგში, იმუნიზაციის ერთ-ერთ ცენტრში, გასულ კვირას, დაგეგმილი იყო 600 ადამიანის ვაქცინაცია და დოზების არარსებობის გამო, ყველა გაუქმდა. გაჩერებულია ვაქცინის რამდენიმე ცენტრის მუშაობა და ვაქცინაციის ყოველკვირეული დოზები თითქმის განახევრებულია. სტრასბურგის იმუნიზაციის ერთ-ერთი ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მათ შეუძლიათ, ერთი კვირის განმავლობაში აცრან 2 500 ადამიანი, თუმცა, ვაქცინის დოზების სიმცირის გამო, იძულებულნი არიან ეს მაჩვენებელი 1 500-მდე შეამცირონ. შესაბამისად, ბევრი ადამიანია იმედგაცრუებული იმის გამო, რომ დროულად ვერ იცრებიან. ასევე, საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში, ბას-რინში, დაიხურა ოთხი ცენტრი, ასევე, ვაქცინის პრეპარატების არქონის გამო“, – წერს უცხოური მედია.

მათი ინფორმაციით, ლონდონში დაიკეტა კოვიდ ვაქცინის რამდენიმე ცენტრი დოზების არქონის გამო.

„ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში, ჰეროუში დაიკეტა ვაქცინაციის ორი ცენტრი და დროებით დაითხოვეს თანამშრომლები. ორივე ცენტრს შეეძლო, ერთი დღის განმავლობაში აეცრა 600-650 ადამიანი, თუმცა, არცერთი ცენტრი არ ელოდება დამატებითი ვაქცინის დოზების მიღებას იანვრის ბოლომდე. ასევე, ერთ-ერთი ცენტრის განცხადებით, ისინი 29 იანვარს ელოდებიან ვაქცინის მხოლოდ 800 დოზას, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინაციის ცენტრი მომდევნო დღეს ისევ დაიხურება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან შედარებით, ლონდონში ვაქცინაციის პროგრამა ყველაზე ნელი ტემპებით მიმდინარეობს“, –  აღნიშნავს უცხოური მედია.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში არის ვაქცინის დეფიციტი, რაც შესაძლოა, აპრილამდე გაგრძელდეს.

„მან წინასწარ განაცხადა იმის თაობაზე, რომ მთავრობას ექნება პრობლემები ვაქცინის მომარაგების მიმართულებით, მინიმუმ, მომდევნო 10 კვირის განმავლობაში. მინისტრის თქმით, ვაქცინის დოზების მოწოდებაში შეფერხებების მთავარი მიზეზია AstraZeneca-სა და Pfizer-ის წარმოებაში არსებული შეფერხებები, რის გამოც გერმანია, ისევე როგორც ევროპის არაერთი ქვეყანა, ვერ მიიღებს ვაქცინების სრულად თავდაპირველად შეთანხმებულ რაოდენობას.

როგორც გერმანიაში აცხადებენ, თუ ვაქცინაციის ამჟამინდელ ტემპებს გამოიყენებენ საერთო გათვლებისთვის, გერმანიის მოსახლეობის აცრას კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით ოთხ წელზე მეტი დასჭირდება.  ჯანდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია“, –  წერს უცხოური მედია.

მათივე ცნობით, Pfizer-ის ვაქცინის წარმოების შემცირების გამო, მიმდინარე კვირაში კანადაში ვაქცინის ახალი დოზების მიღება ვერ განხორციელდება, ხოლო მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში განახევრდება ვაქცინის მიწოდება.

„ცხადია, ვაქცინის დოზების მიწოდების ასეთმა შეფერხებამ გამოიწვია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, იმუნიზაციის პროცესის შენელება, რასაც მოყვა მთავრობის კრიტიკა – ვაქცინაციის პროცესის მაკონტროლებელ ორგანოს ბრალს სდებენ პროცესის არასათანადოდ დაგეგმვასა და მართვაში. მთავრობის წარმომადგენლები, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ ეს შეფერხება ხდება მომწოდებლების მიზეზით, რაც მომდევნო კვირების განმავლობაში გამოსწორდება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ რეგიონში გაზარდეს შუალედი ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ან გადაავადეს დაგეგმილი ვიზიტები.

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინის სხვა მომწოდებლებს – Moderna-ს წარმოების ვაქცინას კანადა ელოდება თებერვლის პირველ კვირაში, მხოლოდ 230 400 დოზას“, – აღნიშნავს უცხოური მედია.

ასევე, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო გვიან და ერთი თვის თავზე უკვე შეფერხებებია

„ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ევროკავშირი უკვე კრიზისშია – მომწოდებლები აგვიანებენ ვაქცინის დოზების მიწოდებას ქვეყნებისთვის, რომელთა ლიდერები ხდებიან კრიტიკის ობიექტები, პროცესების არასწორად მართვის გამო. ზოგიერთ რეგიონში  იმუნიზაციის პროცესი სრულიად შეჩერებულია. ვაქცინაციის პროცესის შეფერხებების მთავარ მიზეზად სახელდება მომწოდებლების მიერ გაჟღერებული წარმოების პრობლემები. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის ლიდერები ელოდებიან კიდევ რამდენიმე ვაქცინის დამტკიცებას, რომლებიც ჯერჯერობით კლინიკური ცდების ეტაპზეა.

25 იანვარს შედგა შეხვედრა ევროკავშირის ვაქცინის მმართველ კომიტეტსა და AstraZeneca-ს შორის, რათა კომპანიისთვის შეეხსენებინათ, თუ რა ვალდებულებები ჰქონდათ მათ აღებული ევროპის 27 ქვეყნის წინაშე. თუმცა, ვაქცინის მწარმოებლებმა მათ განუცხადეს, რომ, სამწუხაროდ, თავდაპირველად დაგეგმილი დოზების სრულყოფილად მიწოდება ვერ მოხერხდება.

გასულ კვირას ევროკავშირში ვაქცინასთან დაკავშირებულ პრობლემებს მიემატა AstraZeneca-ს განცხადებაც, რომელიც ევროკავშირს 60%-ით უმცირებს ვაქცინის დოზების მიწოდებას. ყოველივე ეს კი ხდება კოვიდის ახალი შტამების მაღალი გავრცელების პარალელურად. ასევე, ევროკავშირის ლიდერებს ბრალს სდებენ, რომ 27 ქვეყანაში, ბრიტანეთთან და აშშ-სთან შედარებით, გაცილებით გვიან დაიწყო ვაქცინაციის პროცესი და რიგი მიზეზების გამო, რთული იქნება 2021 წლის ზაფხულისთვის დაგეგმილი მიზნის მიღწევა – აიცრას ევროკავშირის მოსახლეობის 70%-ი“, –  წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები