ეკატერინე ტიკარაძე: აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, თუმცა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5-დან 8%-მდე მერყეობს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ბოლო პერიოდის განმავლობაში, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებაზე ისაუბროს.

მისი თქმით, ამჟამად აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, თუმცა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეს მონაცემები 5-დან 8%-მდე მერყეობს.

„დადებითობის 4%-იანი მაჩვენებელი არა ერთი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, რომელსაც ყურადღებას ვაქცევთ, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ შენარჩუნდება სტაბილურობა. აქედან გამომდინარე, ვადასტურებ, რომ 4%-იან მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს კონკრეტულად იმ რეგიონისთვის და იმ პერიოდისთვის ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი. ასევე, ჩვენ ამ ინციდენტობას ვაკვირდებით როგორც 7-დღიან, ასევე 14-დღიან ჭრილში, ვინაიდან 7-დღიან ჭრილში დადებითი დინამიკა არ ნიშნავს იმას, რომ ის შენარჩუნებული და სტაბილურია. აქედან გამომდინარე, შემდეგ ვუყურებთ ამას 14-დღიან ჭრილში და ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს გარკვეულ ქმედებებზე. ამ ეტაპისთვის ჩამონათვალი არ გაზრდილა. მხოლოდ ის ჩამონათვალია, რომელიც იცით კონკრეტულად აჭარის რეგიონში, ხოლო სამომავლოდ, იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში დადებითი დინამიკა გრძელდება, უკვე დავამატებთ რეგიონებს და ასევე გავაფართოებთ იმ ჩამონათვალს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები და ეკონომიკა ასე ელოდება. ახლა აჭარაში 4%-ზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეს მაჩვენებელი 5-დან 8%-მდე მერყეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები