ნინო ლომჯარია: საერთაშორისო და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს
“ჩვენ შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრემიერმინისტრთან კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველი უშუალოდ იყო ჩართული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესში.
„ჩვენ შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ორგანიზაციების მიერ აღიარებულ პრიორიტეტულ ჯგუფებს და გათვალისწინებული იყო თუ არა ის პრინციპები, რაც საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული უნდა იყოს ვაქცინაციის დაწყების დროს. ეს ეხება თანაბარ ხელმისაწვდომობას, პრიორიტეტულობას, უსაფრთხოებას, მოსახლეობის ინფორმირებულობას და ა.შ. ჩვენ ამ ეტაპზე გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, თუმცა, დავაკვირდებით უშუალოდ ვაქცინაციის პროცესსაც, რამდენად წარიმართება ის გეგმის შესაბამისად და მაქსიმალურად ვეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რაც ეხება ვაქცინების უსაფრთხოებას და მთელ ამ პროცესს”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.