ბექა ფერაძე: ბაკურიანში არცერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა, მით უმეტეს, ჯარიმებზე არ ყოფილა საუბარი და არ ყოფილა მითითება ობიექტის დატოვებაზე

“ბაკურიანში გეგმური მონიტორინგი განხორციელდა, რომლის შედეგადაც რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი შემოწმდა”, – ასე უპასუხა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ კითხვას “გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შრომის ინსპექციამ ბაკურიანში ბინის მესაკუთრეებს საკუთარი ფართების გაქირავება აუკრძალა და დამსვენებლებს დღის ბოლომდე ბინების დატოვება მოსთხოვა”.

მისივე თქმით, შრომის ინსპექციას არცერთი კერძო საცხოვრისი არ შეუმოწმებია, არც ჯარიმა არ დაწერილა და არ ყოფილა მითითება ობიექტის დატოვებაზე.

„ჩვენ ზედამხედველობას ვახორციელებთ არამხოლოდ ბაკურიანში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იყო გეგმური მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა ბაკურიანის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევამოწმეთ რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი, რამდენად იყვნენ ისინი სასტუმროს სტატუსის მატარებლები, თუ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი კერძო საცხოვრისები. არცერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა შრომის ინსპექციის მხრიდან და მით უმეტეს, ჯარიმებზე არ ყოფილა საუბარი. დადგენილების მიხედვით აკრძალულია სასტუმროების ფუნქციონირება და მხოლოდ და მხოლოდ მისი გადამოწმება მოხდა და არ ყოფილა არავითარი ობიექტის დატოვებასთან დაკავშირებით მითითება ან სხვა რაიმე ზემოქმედება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არცერთი ჯარიმა არ არის დაწერილი. კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია და თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდებოდა, ეს ყველასთვის იქნებოდა ცნობილი. გადაიღებდნენ ვიდეოს და ესეც იქნებოდა საფუძველი, თუმცა თქვენ იცით, რომ მსგავსი ტიპის არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. ზოგადად აკრძალულია გასართობი ღონისძიებები, სასტუმროების ფუნქციონირება. ამის მიზანია, რომ მობილობა იყოს შემცირებული და სიტუაცია იყოს კონტროლირებადი და კერძო საცხოვრისთან დაკავშირებით არც შრომის ინსპექციას და არც სხვადასხვა საზედამხედველო უწყებას რაიმე არაკანონიერი ქმედება არ განუხორციელებია“, – განაცხადა ფერაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები