გიორგი ვაშაძე „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს – “ასე მოლაპარაკებები შედეგზე ვერ გავა”
“სტრატეგიულად არასწორი და მოლაპარაკებებისთვისრაც არასწორი მგონია, რომ ჩვენ ოპოზიცია ყოველ კვირას ახალ-ახალ წინადადებებს ვაწყობთ. ასე მოლაპარაკებები შედეგზე ვერ გავა”, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს.
,,არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, სატელეფონო საუბარი მქონდა გუშინ ვახოსთან და ნამდვილად ვერ დავაბრალებ ამ ადამიანებს, რომ ვიღაცის დავალებას ასრულებენ, მაგრამ სტრატეგიულად არასწორი და მოლაპარაკებებისთვისაც არასწორი მგონია, რომ ჩვენ ოპოზიცია ყოველ კვირას ახალ-ახალ წინადადებებს ვაწყობთ. ასე მოლაპარაკებები შედეგზე ვერ გავა. ოპოზიციის მხარეს კი არ უნდა ეძებოს ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვეტა, არამედ „ქართული ოცნების“ მხარეს უნდა ეძებოს ამ პრობლემის გადაწყვეტა. ამაზე მე ახლა არც კი დავაფიქსირებ პოზიციას, მანამდე მამუკა ხაზარაძემაც თქვა 2022 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა ეს წინადადება შეიძლება განვიხილოთ, თუ ის მოდის „ქართული ოცნების“ მხრიდან.
საერთოდ, ვფიქრობ, პოლიტიკური ვითარება შეიცვალა ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განცხადება გააკეთა. „ქართულ ოცნებაში“ დარჩენილი ადამიანები კიდევ უფრო შეშინდებიან არჩევნებთან მიმართებით, მათ მარტო რიგგარეშე კი არა, თვითმმართველობის არჩევნებისაც ეშინიათ, ყველა არჩევნების ეშინიათ, რადგან მთავარი რაც იყო, ყველა არჩევნების წინ გამოეცალათ და ამ რეალობიდან და ამ უფრო ფართო პარადიგმიდანაც უნდა დავინახოთ ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. ივანიშვილის განცხადება, რომ ის არა მარტო თანამდებობიდან მიდის, არამედ პარტიასაც ტოვებს, „ქართული ოცნებისთვის“ არის საშინელი დარტყმა“, – განაცხადა ვაშაძემ.