გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ანა ნაცვლიშვილმა საგამოძიებო უწყებაში განცხადება შეიტანა

“გენერალური პროკურატურისგან მოვითხოვ, დაიწყონ გამოძიება გელათის სამონასტრო კომპლექსის არასწორი რეაბილიტაციის გამო ძეგლის დაზიანებისა და სამსახურებრივი გულგრილობის დანაშაულის შემცველ ფაქტებზე”, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა და შესაბამისი განცხადება საგამოძიებო უწყებაში შეიტანა.

ნაცვლიშვილის თქმით, უკვე წლებია, რაც გელათში არსებული ფრესკები დაზიანებულია, თუმცა, არცერთი უწყების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

„პროკურატურისგან მოვითხოვე, დაიწყონ გამოძიება გელათის სამონასტრო კომპლექსის არასწორი რეაბილიტაციის გამო ძეგლის დაზიანების ფაქტზე და, ასევე, სამსახურებრივი გულგრილობის დანაშაულის შემცველ ფაქტებზე. 2014-2019 წლებში ჩატარდა გელათის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც დაზიანდა სახურავი და წყალი ჩადის, დაზიანებულია საუკუნობრივი ფრესკები. საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად, იძულებული გახდა ეს უწყებაც კი, რომ ეღიარებინა დანაშაულის ნიშნები და გამოძიება დაეწყო, მაგრამ ეს არის მორიგი თვალთმაქცობა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, რადგან გამოძიება, რომელიც ამ უწყებამ დაიწყო გასულ წელს, არ არის მიმართული იქეთკენ, რომ დაადგინოს ვინ არის ძეგლის დაზიანებაზე პასუხისმგებელი და გამოკვეთოს სახელმწიფო უწყებები, რომელთა აბსოლუტური გულგრილობის გამო გელათი დაზიანდა. ის გამოძიება ეხება ფინანსურ ნაწილს.

შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია, რომ ფრესკები დაზიანდა, ამიტომ, უწყებამ მომხდარს უნდა დაარქვას საკუთარი სახელი, სხვა შემთხვევაში სამართალი ვერ აღსრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ მაინც შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების გამო კონკრეტული სახელმწიფო უწყებები აგებენ პასუხს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები