საქსტატი 2020 წლის დეკემბრის ინფლაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქსტატი 2020 წლის დეკემბრის ინფლაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,გასული დღეების განმავლობაში, საქსტატის მიმართ, ზოგიერთი პირის მხრიდან ისმის არაკვალიფიციური და უსაფუძვლო კრიტიკა, 2020 წლის დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას და დეზინფორმაციის გავრცელებას. ამიტომ, მოქალაქეებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ:
როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის ნოემბრიდან „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად , მომხმარებელთა გარკვეული კატეგორიისთვის განხორციელდა დახარჯული ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა და ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება. ამასთან, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სუბსიდირება ხორციელდება უშუალოდ მათი მოხმარების მიხედვით, ხოლო წყალმომარაგების და დასუფთავების სერვისის – მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის მიხედვით.
ინფლაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ასახოს ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ფასების ცვლილება, ანუ, სხვაგვარად, ინფლაციამ უნდა ასახოს იმ ფასების ცვლილება, რომელსაც ფაქტიურად იხდის რიგითი მომხმარებელი.
აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების საერთაშორისო მეთოდოლოგიის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას გამოიყენება უშუალოდ მომხმარებლის მიერ გადახდილი საფასური. ანუ, სამომხმარებლო ფასი მოიცავს ყველა გადასახადს და არ მოიცავს სუბსიდიებს . აქედან გამომდინარე, მოხდა აღნიშნული სუბსიდირების შედეგის გათვალისწინება დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას, რამაც გარკვეულწილად შეამცირა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გასული თვეების დინამიკასთან შედარებით.
გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მონაცემები იმ აბონენტების შესახებ, რომლებმაც ისარგებლეს სუბსიდიით, ასევე ინფორმაცია საანგარიშო
პერიოდში მთლიანად დახარჯული ბუნებრივი აირის/ელექტროენერგიის ღირებულებაში სუბსიდიით მოსარგებლე აბობენტების მიერ დახარჯული ბუნებრივი აირის/ელექტროენერგიის წილის შესახებ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შესაბამისად, სუბსიდირების გათვალისწინების მიზნით განხორციელდა დახარჯული ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის წილის გაანგარიშება მათზე გაწეულ მთლიან დანახარჯებში იმ აბონენტებისთვის, რომლებმაც ისარგებლეს სუბსიდირების პროგრამით. პროგრამით მოსარგებლე აბონენტებისთვის საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ტარიფის სრული სუბსიდირება, რაც მათთვის 0-ის ტოლ ტარიფს გულისხმობს. დანარჩენი აბონენტებისთვის კი ტარიფი დარჩა უცვლელი.
საქსტატის გუნდი გამოხატავს სრულ მზადყოფნას, ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაციები და მიაწოდოს შესაბამისი მეთოდოლოგიური ხასიათის განმარტებები.
გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს,”- ნათქვამია საქსტატის განცხადებაში.