რადიო „მუზამ“ მაუწყებლობა შეწყვიტა

ამიერკავკასიაში კლასიკური მუსიკის ერთადერთი მაუწყებლობის რადიო „მუზამ“ 2014 წლის 4 იანვარს, 15:10 წუთზე მაუწყებლობა შეწყვიტა და დღეიდან ის ლიცენზიის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას – ამის შესახებ ამიერკავკასიაში კლასიკური მუსიკის ერთადერთი მაუწყებლობის რადიო „მუზის“ წარმომადგენლებმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, 2013 წლის 27 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ა(ა)იპ კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას შორის შედგა თანამშრომლობის მემორანდუმი, რის თანახმადაც კლასიკური მუსიკის რადიო „მუზის“ გამართული ფუნქციონირებისთვის, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას; (მუხლი2.2.ა.) ასოციაცია, კი თავის მხრივ, რადიოს ფუნქციონირებისთვის საჭირო მატერიალურ–ტექნიკურ საშუალებებს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (მუხლი2.2.ბ.).
რადიო „მუზის“ გენერალური დირექტორის შორენა კოპალეიშვილის ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს იურისტებმა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ვერ გაითვალისწინეს, რის გამოც საბოლოოდ რადიო „მუზა“ სამართლებრივ ჩიხში აღმოჩნდა.
„საქართველოში მოქმედი კანონის თანახმად, სამინისტროს (თურმე) არ აქვს უფლება იქონიოს საკუთარი მაუწყებლობა და მისი წარმომადგენლები „მუზას“ განუმარტავენ, რომ „ჩვენ სამართლებრივ ჩიხში ვართ“.1620092_450841048377076_2011798649_n ამ ჟესტით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იხსნის მემორანდუმის პირობებით დაკისრებულ ვალდებულებებს და ასევე ორგანიზაციის ფართით დაკმაყოფილებაც კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. რადიო „მუზის“ 24-საათიანი მაუწყებლობა ემსახურებოდა მხოლოდ სახელოვნებო და სამეცნიერო ინტერესებს. მოიცავდა აკადემიური ხელოვნების ყველა დარგს. აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც ტექნიკური, ისე ინტელექტუალური ბაზისით. იყო „ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ (EBU) ასოცირებული წევრი (ყველა მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა ოპერატიულად აისახებოდა „ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ (EBU) მონაცემთა ბაზაში და ებმებოდა საერთაშორისო კულტურულ დიალოგში), თანამშრომლობდა ქვეყანაში არსებულ ყველა აკადემიურ თეატრთან, კოლექტივთან და ფესტივალთან. კომპეტენტურ საინფორმაციო მხარდაჭერას უწევდა მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენებს. ქმნიდა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის აუდიოარქივს. რადიოეთერი ეთმობოდათ ცნობილ და ღვაწლმოსილ ხელოვანებსა თუ მეცნიერებს. მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა „კულტურული ჟურნალისტიკის“, როგორც დარგის განვითარებაში. მაუწყებლობა ხასიათდებოდა მზარდი რეიტინგით“, – განაცხადა შორენა კოპალეიშვილმა.
რადიო „მუზის“ ტექნიკური მენეჯერი დავით ხოსიტაშვილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ყურადღებას ითხოვს.
„მოვითხოვთ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გაფორმებული მემორანდუმის პირობებს მეტი ყურადღება დაუთმოს. ამასთანავე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს დახმარებას ვთხოვთ, რათა რადიო „მუზა“ საეთერო ბადიდან არ გაქრეს“, – აღნიშნა დავით ხოსიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები