ლევან თარხნიშვილი: ოპოზიციამ არაერთხელ აჩვენა, რომ ერთიანი, პრინციპულია და მიჰყვება თავის გეგმას, რაც არის ბოიკოტი იქამდე, ვიდრე მოთხოვნები არ შესრულდება
„ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლის ერთადერთი შანსი ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ხელახალი არჩევნებია.
მისივე თქმით, ოპოზიციამ არაერთხელ აჩვენა, რომ არის ერთიანი, პრინციპული და მიჰყვება თავის გეგმას.
„ამის ერთადერთი შანსი არსებობს, ეს არის ხელახალი არჩევნები და ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ყველაფერი სხვა უკვე ამოწურულია. საქართველოს ოპოზიციამ არაერთხელ აჩვენა, რომ არის ერთიანი, პრინციპული და მიჰყვება თავის გეგმას. ეს გეგმა არის ბოიკოტი იქამდე, ვიდრე არ შესრულდება მოთხოვნები. მოთხოვნები არის ოთხი: ხელახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაცია, ახალი საარჩევნო გარემო და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დანარჩენი არის არასერიოზული ადამიანის არასერიოზული ნალაპარაკები. რა დაესიზმრა ბატონ არჩილ თალაკვაძეს, არ ვიცი, შეიძლება, უბრალოდ ადრე დაიწყო საახალწლო ზეიმი და ამის შედეგია მისი ეს განცხადება. მე შეგახსენებთ, ასევე ომახიანად ამბობდნენ ბატონი არჩილი და ბატონი კობახიძე, რომ პირველი სხდომაც იქნებოდა მრავალპარტიული და რაც მივიღეთ, მივიღეთ. პირველი სესიაც ვნახეთ, მარტო ისხდნენ და ერთმანეთს კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ, ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ აღიარებს არსებულ რეალობას. ჩვენი მხრიდან ყველაფერი არის იგივე, რაც იყო. ჩვენ ვართ აბსოლუტურად პრინციპულები ჩვენს მოთხოვნებში“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, უახლოეს თვეებში პარლამენტი ზუსტად ისეთ ფორმაში იქნება, როგორც საზოგადოებამ აირჩია, სტატუს-კვო მალე შეიცვლება.