კობა გვენეტაძე: რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციების განხორციელებისა და კურსზე წნეხის ნაწილობრივ შერბილების საშუალებას აძლევს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ყურადღება სავალუტო ბაზრის თემაზე გაამახვილა.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლების ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის ძირითადი ნაწილის დაფინანსება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მობილიზებული დამატებითი ფინანსური რესურსებით ხდება, რაც საერთაშორისო რეზერვების ზრდასაც გულისხმობს.

„ამასთანავე, მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ გასულ წლებში რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა. ყოველივე ეს ეროვნულ ბანკს საჭიროების მიხედვით სავალუტო ინტერვენციების განხორციელებისა და ამ გზით გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე ბიუჯეტის მაღალი დეფიციტიდან მომდინარე პოტენციური წნეხის ნაწილობრივ შერბილების საშუალებას აძლევს. 2020 წლის დასაწყისიდან, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 886 მილიონი აშშ დოლარის მიაწოდა.

დასასრულს აღვნიშნავ, რომ წარმოდგენილი ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა პოტენციური შოკების მიმართ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკის სტაბილური და გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობას ემსახურება. ამავე დროს, სწორედ ასეთი გონივრული ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის წყალობით – რომელიც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფაქტორია – გახდა შესაძლებელი პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად საჭირო მატერიალური ფინანსური რესურსების უმოკლეს ვადაში მობილიზება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები