საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ” დადგენილების პროექტი განიხილეს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უძღვებოდა „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ” დადგენილების პროექტი განიხილეს.
როგორც ,,კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები შემდეგ საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან და საპარლამენტო ასამბლეებთან შეიქმნება:
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE): ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA): ძირითადი შემადგენლობა – 3 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 3 ადგილი;
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC): ძირითადი შემადგენლობა – 10 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA): ძირითადი შემადგენლობა – 10 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA): ძირითადი შემადგენლობა – 4 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 4 ადგილი;
საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU): ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC): ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის − სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA): ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (IAO): ძირითადი შემადგენლობა – 3 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 3 ადგილი;
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა (APF): ძირითადი შემადგენლობა – 3 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 3 ადგილი;
საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა: შემადგენლობა – 10 ადგილი;
საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა: შემადგენლობა – 10 ადგილი.
სხდომაზე რამდენიმე სასესხო და წერილ-შეთანხმება განიხილეს.
საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების შეთანხმება (მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომა: ადაპტაციის კომპონენტი (DiMMAdapt)” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა წარადგინა.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, საქართველოს მთავრობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახით ღებულობს გრანტს 4 მლნ. 327 ათას დოლარის ოდენობით. „ეს გრანტი არის უკვე მოქმედი პროექტის დამატება. ჩვენ (IFAD)-თან გვაქვს გაფორმებული სასესხო შეთანხმება, 16 მლნ დოლარზე, რომლის ფარგლებში ხორციელდება მეცხოველეობის განვითარება საქართველოს ექვს რეგიონში. ემატება კიდევ 3 რეგიონი და მთლიანად საქართველოს დაფარავს. წარმოდგენილი შეთანხმებით გათვალისწინებული თანხები მოხმარდება, დანარჩენ სამ რეგიონში მეცხოველეობის განვითარებას და ამის შედეგად გარემოზე ზემოქმედების შემცირებას”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
მისი განმარტებით, დოკუმენტში ასახულია ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც სხვადასხვა სამინისტროების მიერ იქნა გამოთქმული.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამა)” წარადგინა. მისი განმარტებით, დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოსთვის 170,8 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას, რომელიც წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს და პირდაპირ მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. მომხსენებლის განმარტებით, სესხის ხანგრძლივობაა 15 წელია, მათ შორის 3 წელი შეღავათიანი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე.
2013 წლის 20 აგვისტოს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II)” N2 ცვლილების წერილ-შეთანხმების” მიხედვით ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილია 40 მლნ. ევროს ოდენობის სესხი, რომლითაც გათვალისწინებული იყო საქართველოს რეგიონების მასშტაბით წყლის პროექტების განხორციელება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ჯამში 24 პროექტი, რომლებიც დასრულებულია.
„40 მლნ ევროდან 32 მლნ. ევრომდე უკვე ათვისებულია და დარჩენილია 8 მლნ. ევრო. ამ თანხის ათვისების ვადა ამოწურულია, ამიტომ დოკუმენტის თანახმად, ხდება წლის ბოლომდე ვადის გახანგრძლივება, იმისთვის, რომ 5 მლნ ევრო, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროექტებისთვის იქნა დახარჯული ჩამოირიცხოს, ხოლო სესხის დარჩენილი ნაწილი გაუქმდეს, რადგან თანხის სრულად ათვისება ვერ ხერხდება”, – განმარტა მომხსენებელმა.
წარმოდგენილი ფინანსური ხელშეკრულების ცვლილება ითვალისწინებს სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის 2020 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას.
რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW”), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი”), შორის სასესხო შეთანხმება (COVID-19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოება)” ითვალისწინებს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ საქართველოსთვის 15 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას. სესხის ხანგრძლივობაა 30 წელი (მათ შორის 10 წელი შეღავათიანი). პროექტისთვის ასევე, გათვალისწინებულია 5,8 მლნ. ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფაც.
გიორგი კაკაურიძემ სხდომაზე, „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორი სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)” წარადგინა. 2020 წლის 15 ოქტომბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს 17, 7 მლნ ევროს ოდენობის სესხის 23 წლით გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც 14 წელი შეღავათიანია. პროექტის მიზანია ქ. თელავში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” საქმიანობის გაძლიერების ხელშეწყობა, ხოლო დასრულების თარიღი 2024 წლის 31 დეკემბერი.
რაც შეეხება მეორე შეთანხმებას, იგი ითვალისწინებს ბანკის მიერ საქართველოსთვის 115,3 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 15 წლის ვადით მათ შორის, 3 წელი შეღავათიანია. აღნიშნული წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს და პირდაპირ მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. პროგრამის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბება, რომელიც გააძლიერებს აღნიშნულ სექტორს და ხელს შეუწყობს მისი მართვის შესაძლებლობებს.
მომხსენებელმა „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი – A)” და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი – B)” ფინანსურ ხელშეკრულებებში N3 ცვლილების შეტანის შესახებ” წერილ-შეთანხმება წარადგინა. ფინანსურ ხელშეკრულებაში შედის ცვლილება N3, რომელიც სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის 2023 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას ითვალისწინებს.
„2019 წლის 29 ნოემბრის საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა) №1 ცვლილების შეთანხმების” მიხედვით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს სესხის სახით 17 მლნ. ევროს გამოუყოფს, რომელიც საქართველოს ექვსი დიდი ქალაქისთვის დიზელის საწვავზე მომუშავე 175 ავტობუსის შეძენას მოხმარდება. სესხის ხანგრძლივობა 10 წელია, მათ შორის 3 წელი – შეღავათიანი. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 20 დეკემბერი. სატენდერო წინადადებების შეფასების ეტაპზე პროექტის განსახორციელებლად გამოიკვეთა დამატებითი დაფინანსების აუცილებლობა. შესაბამისად, წარმოდგენილ შეთანხმებაში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს EBRD-ის მიერ დამატებით 2 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.