სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები არასათანადო მოპყრობის აკრძალვის საერთაშორისო სტანდარტების თემაზე HELP-ის დისტანციურ კურსს გაივლიან

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს HELP-ის დისტანციური სწავლების პლატფორმის გამოყენებით „არასათანადო მოპყრობის თაობაზე სამართალდამცავი, უსაფრთხოებისა და სხვა იძულებითი ზომების გამოყენების” თემაზე რამდენიმეთვიან ინტენსიურ კურსს გაივლიან. პროგრამა საქართველოში პირველად დაინერგა.

როგორც ,,კვირას” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, სწავლების მიზანი მონაწილეებისთვის არასათანადო მოპყრობის აკრძალვის თაობაზე ევროპული სტანდარტების გაცნობა, პრაქტიკაში მათი ეფექტიანად გამოყენებისა და ერთიანი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობაა. სასწავლო პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები, მოსამართლეები და პროკურორები ერთობლივად ერთვებიან.

კურსის გახსნით ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე – სოფიო ჯიაძემ, ევროპის საბჭოს HELP-ის სამმართველოს უფროსმა – ევა პასტრანამ, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის წარმომადგენელმა – გიორგი გიორგაძემ, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა მიმართეს.

პროგრამა 6 მოდულისაგან შედგება და მოიცავს ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: არასათანადო მოპყრობის დეფინიციები და აკრძალვის ფარგლები, თავისუფლებააღკვეთილ პირთა პატიმრობისა და მკურნალობის პირობები, ძალის გამოყენება, როგორც ფიზიკური შეზღუდვის საშუალება, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის პროცედურული გარანტიები, ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და სხვა. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თემატურ ნაწილს სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა,ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ზუბაშვილი გაუძღვება.

კურსი ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა – სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები” ფარგლებში ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები