გიორგი გახარია: დღეს ჩვენ შეგვიძლია, როგორც გარდამავალი შედეგი, განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება
“მოგეხსენებათ, დღეს მე-20 დღეა 28 ნოემბრიდან, როდესაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. დღეს ჩვენ შეგვიძლია, როგორც გარდამავალი შედეგი, განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ, მიუხედავად ტესტირების პრინციპულად უფრო გაზრდილი რაოდენობისა, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, 17 000 – ზე მეტი ჩატარებული ტესტის პირობებში, ქვეყანაში ინფიცირების 3 000-ზე ნაკლები შემთხვევაა და ეს მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველია.
„დღეს შეიძლება, ვთქვათ, რომ, პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, 17 000 – ზე მეტი ტესტირების პირობებში, ინფიცირების 3 000-ზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას, ხაზგასმით აღვნიშნავ, ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას, რამეთუ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც მოვახერხეთ. მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ევროპაში, როდესაც ინფექციის გავრცელება ყოველდღიურად ახალ რეკორდს ამყარებს, როდესაც ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო ამკაცრებენ შეზღუდვებს საახალწლო-საშობაო შეზღუდვებს მათ შორის, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი იყოს, პირველ ყოვლისა, პასუხისმგებლიანი და გონივრული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გარდამავალი, მცირედი მიღწევა, შედეგი, რომელიც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს პირველ რიგში შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ ჩენს ხანდაზმულებს, მოხუცებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ, სამწუხაროდ, დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის რეკორდები მყარდება, ისეთი რეკორდები, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით, როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო კომპანიებმა და ბიზნესმენებმა, უნდა ვიმოქმედოთ, პირველ ყოვლისა, საახალწლო დღეებშიც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.