დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციურ პარტიათა დემარშის ფონზე გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი ოპოზიციის გადაწყვეტილებას ღიად აკრიტიკებს და თვლის, რომ მათი პროტესტი ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული მცდელობაა. ,,კვირა“ ,,ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოს განვითარებისთვის“ ლიდერს, ნანა კაკაბაძეს დაუკავშირდა:
-დღეს საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, თუმცა, ცარიელი ოპოზიციური სავარძლების ფონზე…
-ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა. დემოკრატიული ქვეყნის ისტორიაში ასეთი მრავალპარტიული პარლამენტი ჯერ არ გვყოლია. ზოგმა საბოტაჟი გამოაცხადა და ქუჩაში წავიდა, ქუჩაში, რომელიც პოლიტიკის საკეთებელი ადგილი კი არა – რევოლუციური მექანიზმია, რაც დღევანდელმა ოპოზიციამ 2003 წელს უკვე სცადა და გამოუვიდათ კიდეც.
-თუმცა, 2003 წლის რევოლუცია საბოტაჟად და ხელისუფლების უზურპაციად კი არა, ,,ვარდების რევოლუციად“ შეფასდა.
-მაშინ ,,რეფორმატორად“ წოდებულ რევოლუციონერებს ყველაფერი შერჩათ და ჰგონიათ, რომ ახლაც შერჩებათ, რადგან მათი დანაშაული არც მაშინ და არც მოგვიანებით არავის გამოუძიებია. სერიუზული საკითხია ისიც, რატომ არ შედიან დღევანდელი არჩევნებში გამარჯვებული პარტიები პარლამენტში და რა ,,საიდუმლო სერობა,, აქვთ გამართული პოზიციასთან უცხოელი დიპლომატების თანდასწრებით.
-რას გულისხმობთ?
-რატომ არ იცის ამომრჩეველმა, რა ,,საიდუმლო სერობას“ მართავს ოპოზიცია, რას უმალავს ამომრჩეველს? თითქოს, ძალიან მარტივადაა საქმე, ოპოზიცია პოზიციას სთოვს ხელახალ არჩევნებსა და ციხიდან ,,პოლიტპატიმართა“ გათავისუფლებას, რომელთაც ძნელია, ვუწოდოთ პოლიტპატიმრები. სხვა რა საიდუმლო შეიძლება, ჰქონდეს პოზიციასა და ოპოზიციას? სხვა ყველა განსახილველი საკითხი ამომრჩეველმა ისედაც იცის. მაქვს ეჭვი, ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვს გარანტიას, რომ მათ არ დაიჭერენ ჩადენილ დანაშაულებათა გამო. დეპუტატის იმუნიტეტიც კი, მელიას მაგალითზე, მთლად მყარი იმუნიტეტის საფუძველი ვერ აღმოაჩნდა და ეს იმუნიტეტი საპარლამენტო გადაწყვეტილებით დეპუტატს შეიძლება, მოეხსნას ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც ნიკა მელიამ ჩაიდინა, პარლამენტს რომ ანგრევდა და იქ საკუთარ მომხრეებს ეპატიჟებოდა. საქართველოს მოქალაქეებმა პირდაპირ ეთერში ნახეს ეს კადრებს.
-გამოდის, რომ ერთადერთი, რაც ოპოზიციას პოლიტიკურ მოლაპარაკებებში აინტერესებს, საკუთარი თავისუფლების მყარი გარანტიაა?
-მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის რიგები სავსეა კრიმინალებით. როგორც ჩანს, ხელისუფლება მათთან ამ გარიგებაზე არ მიდის. დღეს ეს კრიმინალები ,,დახლქვეშა“ ვაჭრობას მართვას ხელისუფლებასთან – ციხეში არ გამიშვა, თორემ საბოტაჟს მოგიწყობო. სხვაგვარად რა უნდათ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პოლიტიკაში, პარლამენტარის ხელფასი თუ კანონშემოქმედებითი საქმიანობის ინტერესი კლავთ? თუ მილიონების ქურდები ხელისუფლებაში უნდა ისხდნენ, მაშინ გავაღოთ ციხის კარი და ყველა კრიმინალი, რომელთა დანაშაული სულ რაღაც 100 ლარის მოპარვაა, გამოვუშვათ გარეთ. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს ოპოზიციის დეტრუქციული ქმედების მიზეზი და ამომრჩეველს წარუდგინოს ყველა დამნაშავე. ასეთია ჩვენი და არამხოლოდ ჩვენი პოზიცია.