ნოემბრის თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 109 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 109 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 45 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 20 ფაქტი, იმერეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 10, შიდა ქართლში – 6, აჭარაშიც -6, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 5, გურიაში – 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამურად, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 294 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი. ასევე ამოღებულია 1 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი,“ – ნათქვამია განცხადებაში.